სად და რამდენი ხნით შეეძლებათ საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მიმოსვლა

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტი ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა და მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ევროპული კომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს.

ევროკომისიის შეფასებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მ.წ. 8 მაისის უკანასკნელი ანგარიშის გამოქვეყნების შემდგომ საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია და განახორციელა ყველა რეფორმა დარჩენილი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური ჩარჩო, ორგანიზაციული პრინციპები და პროცედურები ოთხი ბლოკით განსაზღვრულ სფეროებში შეესაბამება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებს.

“კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა დანარჩენი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი მიღწევის უზრუნველსაყოფად.
ყველა ზომა, რომელიც მესამე მოხსენებაში იყო ჩამოვლილი, მიღებულია. საკანონმდებლო და პოლიტიკური ბაზა, ინსტიტუციური და საორგანიზაციო პრინციპები, ასევე ოთხივე ბლოკის განხორციელების პროცედურების იმპელემტანცია შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს”, – ნათქვამია ანგარიშში.

სამოქმედო გეგმის შესრულებისა და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროკავშირის N539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების განხორციელების გზით საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.

უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას.

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობა შეეძლებათ შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი. არაწევრი ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

გამონაკლისს წარმოადგენს და უვიზო მიმოსვლა არ ვრცელდება ევროკავშირის 2 წევრ ქვეყანაში. ესენია: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.

უვიზო რეჟიმი შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე განახორციელონ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტები, რომელიც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია.

ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ. რეკომენდებულია ისარგებლოთ შენგენის ზონაში ყოფნის დასაშვები პერიოდის გამოსათვლელი სპეციალური კალკულატორით.

შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის დროს საჭიროა მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები საქართველოში დაბრუნების დღისთვის.

Leave A Reply

Your email address will not be published.