საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი: „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში შესვლა სახიფათოა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ფრაგმენტებად ჩამოშლის საფრთხე არსებობს და იქ შესვლა ძალიან სახიფათოა.

„შენობაში შესვლა სახიფათოა, ის უსაფრთხო არ არის. შესაძლებელია შენობა ნებისმიერ დროს ფრაგმენტებად ჩამოიშალოს. ჩვენი სამსახურის კატეგორიული გაფრთხილებაა, რომ ამ ეტაპისთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეუძლებელია, შენობაში ვინმე შევიდეს“, – განაცხადა გელაშვილმა.

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მონაჭრეების ის ნაწილი, რომელთაც მატერიალური ღირებულების საქონელი დახლებზე ჰქონდათ განთავსებული, დილიდან შენობასთან არიან შეკრებილი.

ვერცხლისა და მინანქრის ნაკეთობებზე მოვაჭრეები შენობაში შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ.

შენობაში გაჩენილი ხანძრის სრულად ლოკალიზებას დღეისთვის ვარაუდობენ. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 70-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.

Comments
Loading...