საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალ პარლამენტში მოუსმენენ
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ხვალ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრებთან, ბოლო ორი თვის საქმიანობას შეაჯამებს.
მიხეილ ჯანელიძე კომიტეტის წევრებს გააცნობს ბოლო ორი თვის განმალობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე სხვა საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის შეაჯამებს ახალი მთავრობის დამტკიცების შემდგომ განხორციელებულ მაღალი დონის მნიშვნელოვან ვიზიტებს.
მინისტრი პარლამენტარებს გააცნობს ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაწეულ სამუშაოებს და მიღწეულ პროგრესს. მიხეილ ჯანელიძე ასევე, შეაჯამებს ნატო-სა და ეუთოს მინისტერიალებს და იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებში საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა.
მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ახალი მთავრობა 26 ნოემბერს დაამტკიცა.