საგარეო უწყება საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საფრანგეთში შემოღებულ დროებით წესებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემოღებულ დროებით ზომებსა და წესებს დაემორჩილონ , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“როგორც მოგეხსენებათ გუშინ, 13 ნოემბერს აფეთქება მოხდა პარიზის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაც, დღევანდელი უახლესი ინფორმაციით, 150 ადამიანამდე მსხვერპლი გამოიწვია. ასევე სავარაუდოდ, არის რამდენიმე ათეული ადამიანი დაზარალებული. ჩვენ მწუხარებით, შეშფოთებით და შეძრწუნების განცდით გვინდა მივუსამძიმროთ, პირველ რიგში, დაღუპულთა ოჯახებს, დაზარალებულებს ვუსურვოთ მალე გამოჯანმრთელება, ასევე ჩვენი თანადგომა და სამძიმარი გამოვუცხადოთ საფრანგეთის ხელისუფლებას, ფრანგ ხალხს და ვუთხრათ, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოც, მისი ხელისუფლება და მოქალაქეები მათ გვერდით არიან დღეს ამ მძიმე წუთებში”, – განაცხადა ჯალაღანიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ შემოღებულ დროებით ზომებსა და წესებს დაემორჩილონ.
“როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, უსაფრთხოების უმაღლესი დონის შესაბამისად და შემოიღო დროებითი ზომები, წესები საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე, შესაბამისად, ჩვენ ოპერატიულად ვართ კავშირზე ჩვენს საელჩოსთან. საელჩომ განათავსა თავისი საინფორმაციო ვებგვერდზე ცხელი ხაზის სატელეფონო ნომერი. გარდა ამისა, საელჩო მოუწოდებს განცხადებით და ჩვენც ვუერთდებით, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ამ პერიოდში განსაკუთრებით პარიზში და საზოგადოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაემორჩილონ ამ დროებითი წესებს, შესაბამისად, შეინარჩუნონ სიმშვიდე. შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ ამ დასვენების დღეებში თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, ან სასტუმროებში. სასურველია, რომ ამ ცხელი ხაზის მეშვეობით ჰქონდეთ კავშირი საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებთან, კერძოდ, საელჩოსთან, ასევე მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შეუძლიათ დაინტერესებულ მოქალაქეებს დაგვიკავშირდნენ და შეძლებისდაგვარად ოპერატიული ინფორმაცია მიიღონ. ჩვენ ვრჩებით ოპერატიულ კავშირზე ჩვენს საელჩოსთან და შეძლებისდაგვარად, მოვლენათა განვითარების მიხედვით, ოპერატიულ ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეები მიიღებენ როგორც ცხელი ხაზით, ასევე თანამშრომლების, პრესცენტრის, საკონსულო სამსახურის მეშვეობით”, – განაცხადა ჯალაღანიამ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო არის ანტიტერორისტული კოალიციის წევრი და ჩვვენი ქვეყანა ამ კუთხით სოლიდარობას უცხადებს პარტნიორებს როგორც კერძოდ საფრანგეთში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას.
“გაირკვევა, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ტერორისტული ჯგუფი არის ამ ვანდალური აქტის უკან, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოვლინება ტერორიზმისა და განსაკუთრებით ასეთის, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ცინიზმისა და დაუნდობლობის ერთ-ერთი უმაღლესი სახით ხასიათდება, დაუშვებელია და კატეგორიულად დასაგმობია, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს, დროზე მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას და როგორც განეიტრალდება ეს დაძაბული სიტუაცია, ასევე გამოვლენილი იქნება ის ძალები და პიროვნებები, ვინც იდგა ამ ტერაქტის უკან და ეს უშუალოდ განახორციელა. მოგეხნებათ, საქართველო არის ანტიტერორისტული კოალიციის წევრი და ჩვენ ამ კუთხით სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს პარტნიორებს როგორც კერძოდ საფრანგეთში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც იცით, რომ ძალსა და ენერგიას არ იშურებს ამ ჩვენი დროისთვის დამახასაითებელი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევის გასანეიტრალებლად”, – განაცხადა ჯალაღანიამ.
გუშინ პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.