საია ენერგეტიკის სამინისტროსგან „გაზპრომთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)კომპანია „გაზპრომთან“ დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს.

გასაიდუმლოებული დოკუმენტების საზოგადოებისთვის წარდგენის მოთხოვნით, საია-ს წარმომადგენლებმა დღეს ენერგეტიკის სამინისტროს მიმართეს.

„ჩავთვალეთ, რომ ამ თემაზე გარკვეული სამართლებრივი მსვლელობა მიგვეცა. მითუმეტეს, იმ ტიპის ინტერესებზე სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც არა უბრალოდ ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობას ეხება, არამედ დაკავშირებულია ქვეყნის სუვერენიტეტთან, მათ შორის, უსაფრთხოებასთან“, – განაცხადა საია-ს იურისტმა სულხან სალაძემ.

მისი თქმით, თუ წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილი რომელიმე ინფორმაცია საიდუმლოს წარმოადგენს, მაშინ საია ითხოვს, სამინისტრომ მოთხოვნილი ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლოდ მიჩნევის დამადასტურებელი ყველა ოფიციალური დოკუმენტის ასლი მიაწოდოს.

სულაძის მტკიცებით, ენერგეტიკის სამინისტრომ საია-ს განცხადებაზე პასუხი განცხადების წარდგენიდან მაქსიმუმ ათი სამუშაო დღის ვადაში უნდა გასცეს.

საია-ს გარდა, 80 არასამთავრობო ორგანიზაცია „გაზპრომთან“ დაკავშირებული მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებას ითხოვს.

Comments
Loading...