“საიას” შეფასება 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკუთარ შეფასებას აქვეყნებს. 11-გვერდიან ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ჯერ კიდევ მიუღწეველია.

„2015 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები დაფიქსირდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატივისცემის თვალსაზრისით. კონკრეტული საქმეებისა და ტენდენციების პარალელურად, რომლებიც უარყოფით შეფასებას იმსახურებს, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ, მიუხედავად ამ მიმართულებით გადადგმული გარკვეული ნაბიჯებისა, ვერ იქნა მიღწეული უფლებების ეფექტური რეალიზაციისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინსტიტუტების – შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და სასამართლოს – პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა.

მთელი წლის განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ადამიანის უფლებათა დასაცავად, როგორც სამართალწარმოების, ასევე მონიტორინგის, ადვოკატირებისა და საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის გზით.

ჩვენი შეფასებით, წლის განმავლობაში აქტუალურ თემებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები სამართალდამცავთა მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება ასეთ ფაქტებზე, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციის, გამოძიების და დასჯის მიმართულებით არსებული პრობლემები, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევის ფაქტები, უმცირესობათა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების არაეფექტური გამოძიება, პლურალისტური და კრიტიკული მედია გარემოს შენარჩუნების მიმართულებით შექმნილი აშკარა საფრთხეები, მკაფიო, გამჭვირვალე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა 2004-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და დაზარალებულთა უფლებების აღსადგენად, შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები და ეფექტური მანდატის მქონე შრომის ინსპექციის არარსებობა, პროკურატურისა და შსს-ს არასრული რეფორმები, რომელთა პრაქტიკაში იმპლემენტაციაც ასევე სერიოზული ხარვეზებით წარიმართა, სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და რეფორმის მესამე – შეფერხებული ტალღა, პოლიტიკური ნების არარსებობა მოწმეთა დაკითხვის გადავადებული წესის ასამოქმედებლად და არსებითად ხარვეზიანი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ამ მიმართულებით, მმართველი ძალის უარი საარჩევნო რეფორმაზე უფრო თანაბარი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და სხვ.

მიღწევებს შორის უდავოდ აღნიშვნის ღირსია: წარმატებით გადადგმული არაერთი ნაბიჯი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გზაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, რომელიც უდავოდ წარმოადგენს ამ მიმართულებით მეტად პროგრესულ კანონმდებლობას, ასევე, წინასწარი პატიმრობის აუცილებლობის პერიოდული შემოწმების ვალდებულების დაკისრება სასამართლოსათვის, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები საჯარო სამსახურის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმის გზაზე, საქართველოს პარლამენტის ჩართვა ღია მმართველობის პარტნიორობაში და თანმდევი სამოქმედო გეგმის დამტკიცება, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დახვეწა, სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებისათვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭება – თუმცა, მხოლოდ 2016 წლის 1 სექტემბრიდან; ასევე, შემაკავებელი/დამცავი ორდერების გაცემის რაოდენობის გაზრდა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად და სხვა.

დადებით შეფასებას იმსახურებს ხელისუფლების მხრიდან ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებული არაერთი ვალდებულების შესრულება, თუმცა, ამ დრომდე არ შესრულებულა OGP-ს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ორი უმთავრესი ვალდებულება. კერძოდ, მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების Ichange.ge პორტალის და ინფორმაციის თავისუფლების აქტის სათანადო ფორმით მომზადების ვალდებულება“, – აღნიშნულია საია-ს შეფასებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.