საინფორმაციოპარლამენტი სისტემური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მსჯელობს

პარლამენტი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას იხილავს.
უმცირესობა ქვეყანაში სისტემური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებით გამოდის, რაზეც დებატები პარლამენტში მიმდინარეობს.
ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნის საფუძველია “ნაციონალური მოძრაობის” და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი საჯარო მოხელეების მიერ ქრთამის აღების, ნეპოტიზმის და სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივი და პირადი ინტერესებისთვის გამოყენების ფაქტები.
“არსებული კორუფციული სქემების მასშტაბურობა, მასში ჩართული სახელმწიფო ორგანოების რაოდენობა და როგორც ცენტრალური ხელისუფლების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა, ადასტურებს, რომ კორუფციულმა დანაშაულმა სისტემური ხასიათი შეიძინა. კორუფციის მიზეზების შესწავლა, სრულად გამოაშკარავება და აღმოფხვრა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ვინაიდან სახელმწიფო ორგანოებში გამოვლენილი თანამდებობის პირების მიერ კორუფციული სამართალდარღვევების ფაქტები სისტემურ ხასიათს წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას, მოქალაქეთა კეთილდღეობას და საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკურ ინტერესებს და ხდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ფართოდ იყო საუბარი როგორც ელექტრონულ, ისე ბეჭდვით მედიაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ ხდება შესაბამისი რეაგირება არსებულ ფაქტებზე”, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში, რომლის მიღებასაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტს სთავაზობს.
აღნიშნული დადაგენილების პროექტის მიხედვით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხებია: – კორუფციული სქემა ბათუმის პორტში; საყდრისი–ყაჩაღიანის ოქროს საბადოს საქმე; კორუფციული სქემა პროგრამა “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში; პირადი ინტერესებისათვის უნიკალური ხე-ტყის ჭრა; შპს “ავიასერვისი”-ს მიერ “სუპერ პუმას” ტიპის სამი ვერტმფრენის მომსახურება; პროექტი პანორამა; გარდა ამისა, კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგების სფეროში – პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესები; კორუფციული სქემები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში; კორუფციული სქემები სასმელი წლით მომარაგების სფეროში; სისტემური კორუფცია თბილისის მერიაში და მის სტრუქტურებში; კორუფციული გარიგების ნიშნები თბილისის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესში

Comments
Loading...