საინტერესო და უცნობი ფაქტები ვეფხისტყაოსნის შესახებ
* ვეფხისტყაოსანში ოთხჯერ არის დასახელებული ავტორი, როგორც რუსთველი;
* შოთა რუსთაველის ტრადიციული სურათი XVIII საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნიდან მომდინარეობს.
* ზიჩისეული ილუსტრაციების გმირთა პროტიპებია: მამია გურიელი – შოთა, ჯამბაკურ გურიელი – ფარსადანი, ნინო წერეთელი – ჩოლოყაშვილი – თინათინი, ქაიხოსრო გურიელი – როსტევანი.
* სულხან –საბას სიტყვის კონაში ვეფხისტყაოსანზე მითითება ახლავს 50–მდე სიტყვას.
* XVIII ქართველი საეკლესიო მოღვაწე ტიმოთე გაბაშვილი ასე წერს რუსთაველის შესახებ: მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმან ასწავა ქართველთა სიწმიდისა წილ ბილწება და განრყვნა ქრისტიანობა.
* 1965 წელს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთის მცხოვრებ დალი ნანეიშვილს ერთად შეეძინა სამი შვილი, რომლებსაც ვეფხისტყაოსნის გმირთა სახელების მიხედვით ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი დაარქვეს.
* ვეფხისტყაოსანში მოხსენიებულია ოცდაცამეტი სახეობის ცხოველი, აქედან თორმეტი შინაურია.
* ქართველ მეცნიერებს პოემაში დადასტურებული ადგილებით ამტკიცებენ, რომ შოთა რუსთაველი ჰელიოცენტრისტი იყო. ჰელიოცენტრიზმის გზით ქართული ასტრონომიის განვითარება ვეფხისტყაოსნის გარდა სხვა წყაროებიდან არ დასტურდება. XVII საუკუნის ქართველი მკვლევრები მხოლოდ გეოცენტრისტულ თვალსაზრისზე დგანან, ხოლო პირველი ჰელიოცენტრისტები საქართველოში მხოლოდ XIX საუკუნიდან არიან ცნობილნი. აქვე აღვნიშნოთ, რომ XIV საუკუნეში მოღვაწეობდა თურქი პოეტი საიფ სარაი, რომელიც აღწერს თავისი სატრფოს ირგვლივ მავალ შეყვარებულ გოგონას, რითაც ამ უკანასკნელს ის ადარებს მზის ირგვლივ მოძრავ დედამიწას. დავამატოთ, რომ დანტე ალიგიერი გეოცენტრისტი იყო….
* კორნელი დანელია აღნიშნავს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ყოველი სტროფის ბოლო ტაეპში ნახმარი სიტყვა „და“ არ არის კავშირი, ის არ წარმოადგენს პოემის ორგანულ ნაწილს და მხოლოდ სტროფთა სამიჯნავი ტექნიკური საშუალებაა.
* „ვეფხისყაოსნის“ მთარგმნელს რობერტ სტივენსონს ყველაზე ძნელად მიაჩნდა მეტაფორების ინგლისურად თარგმნა. მისი თქმით, ზოგიერთი რამ ინგლისელ მკითხველს უცნაურად მოეჩვენება. მაგალითად, ვარდისა და ბულბულის მხატვრული სახე ერთნაირად არის გამოყენებული როგორც ორ მამაკაცს შორის მეგობრობის დასახატად, ასევე ქალისა და მამაკაცის სიყვარულის გადმოსაცემად.
* სტივენსონს მეორე მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნდა ინგლისურ თარგმანში ვეფხისტყაოსნის მამაკაცი პერსონაჟების მიერ უსაზღვრო ცრემლთა დენის გადმოცემა, რაც დასავლელი მკითხველისთვის გაუგებარია.
* მეცნიერთა შორის დღემდე მიმდინარეობს კამათი, რომელი ფორმაა მართებული „რუსთველი“ თუ „რუსთაველი“. პოემაში გამოყენებულია პირველი მათგანი. სიმონ ყაუხჩიშვილი კი მიიჩნევდა, რომ რუსთველის ნაცვლად უნდა ვწეროთ რუსთაველი. ფორმა რუსთაველი გავრცელებული იყო ჩვენს ქვეყანაში XIX საუკუნიდან (ილია, აკაკი), ასე იცნობენ მას უცხოეთში და არ არის საჭირო შევცვალოთ ყველა იმ დაწესებულების სახელწოდება, რომელთაც რუსთაველის სახელი ჰქვიათ და გავასწოროთ უცხოური გამოცემები.
* 1917 წელს ნიკო მარმა გამოთქვა მოსაზრება შოთა რუსთაველის მაჰმადიანობის შესახებ. თუმცა, თანამედროვე რუსთველოლოგიამ ეს მოსაზრება გააბათილა. მაგ. გაიოზ იმედაშვილი მსჯელობს სიტყვის „რომელმან“ მნიშვნელობაზე, რითაც შოთა პოემას იწყებს. მოჰყავს უამრავი ნიმუში ამ სიტყვა–ცნების ხმარებისა ქართველ ჰიმნოგრაფთა იოანე მტბევარს, იოანე მინჩხს და სხვათა საგალობლებიდან და დაასკვნის, რომ სასულიერო მხატვრულ მეტყველებაში ეს იყო უმაღლესი განმგებლის, ღმერთის აღმნიშვნელი გაქვავებული ფორმულა, რომელიც რუსთაველმა გამოიყენა, როგორც ტრადიციული პოპულარული გამოთქმა ქართული მწიგნობრული პოეზიისა.
ავტორი განიხილავს ღმერთების ეპითეტებს „უცნაური“, „უთქმელი“, „უფალი უფლებათა“, „მოწყალე“, „უხილავი“ და სხვა, რომლებც აგრეთვე ჰიმნოგრაფიული პოეტიკიდან მომდინარეობენ