სახალხო დამცველი ბექა ბექაურის დაკავებისას არსებულ დარღვევებზე საუბრობს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ბექა ბექაური ჰოსპიტალში მოინახულეს.

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მისმა რწმუნებულებმა გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ შეძლეს ბექაურის მონახულება, რაც, მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებმა უსაფრთხოების სამსახურის მიერ ნებართვის გაუცემლობით ახსნეს.

ნანუაშვილის თქმით, ახლად ნაოპერაციებმა ბრალდებულმა ბექაურმა გუშინ ვერ მოახერხა მის წარმომადგენლებთან გასაუბრება.

ბექაური სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დღეს მოინახულეს. ბრალდებულის მტკიცებით, იგი არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა დაკავებისას შუბლის ძვალი ჩაუმტვრიეს კონდახით, რის შემდეგაც დაკარგა გონება და არ ახსოვს როდის გადაუმტვრიეს თითები.

„შესაძლებელია, სახეზე იყოს ბექაურის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან. ამავდროულად, მრავლობითი დაზიანების მიუხედავად, 11 საათის განმავლობაში არ გაეწია სამედიცინო დახმარება. დღესვე მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს მყისიერად დაიწყოს საგამოძიებო მოქმედებები ბექაურის მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ საქართველოში ტერორისტული აქტი აღკვეთა. მათივე ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქება იგეგმებოდა. როგორც სუს-ში განაცხადეს, ერთ-ერთი დაკავებული ხშირად ჩადიოდა უკრაინაში, თუმცა, დანაშაულებრივი ჯგუფი იმართებოდა თუ არა ამ ქვეყნიდან, ჯერჯერობით დაუდგენელია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებული 7 პირის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ოქტომბერს დაიწყება.

Comments
Loading...