სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ინიციატივით გამოდის, კონსტიტუციაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ ჩანაწერი გაკეთდეს.
ამის შესახებ მან საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ნანუაშვილის თქმით, მისი ინიციატივები ძირითადად იმ საკითხებს შეეხება, რომელიც წინა საკონსტიტუციო კომისიაზე იყო დაყენებული.
„ასეთი რამდენიმე ცვლილებაა, მათ შორის, სახალხო დამცველის ინსტიტუციური და ფინანსური დამოუკიდებლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ასევე, ცალკეა ინიციატივა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაფართოებასა და რეალური საკონსტიტუციო კონტროლის გაძლიერებას ეხება. ასევე, ვისაუბრებთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით არსებულ ინიციატივაზე და ამ საკითხის კონსტიტუციაში ჩაწერის მიზანშეწონილობის საკითხს დავაყენებთ”, – განაცხადა ნანუაშვილმა.
რაც შეეხება ეფექტურობას, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, კომისიის წევრები ეცდებიან, კონკრეტული შედეგი მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაიდოს.
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო.
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი კონსტიტუციის შესაბამისი თავების და მუხლების განხილვას შეუდგა.