საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიიცის მინისტრის განცხადებას, რომელმაც ომბუდსმენი ევროსასამართლოში ქართველ მოსამართლეთა კანდიდატურების სიის საწინააღმდეგოდ მუშაობაში დაადანაშაულა, ცილისწამება უწოდა.
სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში ბოდიშის მოხდას სთხოვს. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
“პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ცილისწამება, იუსტიციის მინისტრის შეფასება გაუგებარია. თეა წულუკიანმა თავის განცხადების შესახებ დამამტკიცებელი საბუთი უნდა წარმოადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოდიშის მოხდა მოუწევს. სახალხო დამცველს აქვს ძალიან დიდი კომუნიკაცია ევროსაბჭოს სხვადასხვა ორგანოებთან, სადაც ჩევნ ვისაუბრეთ ამ სიის ხარვეზებზე”, – განაცხადა ნანუაშვილმა.
ერთი წლის წინ შერჩეული სამი კანდიდატიდან ერთ-ერთი ევროპის საბჭოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტს 24 იანვარს უნდა დაემტკიცებინა, თუმცა საკმარისი ხმები ვერცერთმა მათგანმა ვერ მიიღო.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე იყვნენ წარდგენილები. ისინი იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა ქართულმა სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად შეარჩია.
მოსამართლეობის კანდიდატების ახალ სიას საქართველოს ხელისუფლება წლის განმავლობაში შეადგენს.