სახელმწიფო მმართველობის ფორმები

მონარქიული მმართველობა

მონარქიას უწოდებენ მმართველობის ისეთ ფორმას, სადაც უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება ერთ პირს მონარქს ეკუთვნის, რომელიც თავისი ნების შესაბამისად წარმართავს ხელისუფლებას. მონარქის ეს ნება სახელმწიფოში უზენაესია და არავისგანაა დელეგირებული. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფოს მექანიზმში მონარქის როლისა და მისი სახელმწიფოსადმი დამოკიდებულების ამგვარი კონსტრუქციების ჩამოყალიბება გარკვეულ კავშირშია სახელმწიფოს წარმოშობის თეორიასთან.

მონარქიის არსებობის პირველ ეტაპზე მონარქი ამქვეყნიურ ღვთაებად, ღმერთის წარმომადგენლად ითვლებოდა, შესაბამისად, მისი ხელისუფლების წყაროდაც მხოლოდ ღმერთი იყო მიჩნეული. ასეთი შეხედულების საფუძველი სახელმწიფოს წარმოშობის შესახებ თეოკრატიულ თეორიაში დევს. ასეთი მონარქიების კლასიკურ მაგალითს განვითარების პირველ ეტაპზე წარმოადგენდნენ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნები, ხოლო დასავლეთში – რომის სახელმწიფო პრინციპატის პერიოდში.

შემდგომ ეპოქებში, განსაკუთრებით ფეოდალურში, კვლავ ფართოდ გავრცელდა თეოკრატიული თეორია. იგი გამიზნული იყო მეფეთა ხელისუფლების ამაღლებისა და მათი შეუზღუდავი ძალაუფლების განმტკიცებისათვის. ამან ბუნებრივად გამოიწვია მონარქიის აღნიშნული კონსტრუქციის განმეორება, რომლისთვისაც დამახასიათებელია დუალიზმი, რაც იმაში გამოიხატება, რომ მონარქი და ხალხი ორ მოპირისპირე და სრულიად განსხვავებულ სუბიექტებს წარმოადგენენ, სადაც, ერთი მხრივ, „სახელმწიფოს მთელი უფლებების მატარებლად GURE DIVINO თვით მონარქია ხოლო, მეორე მხრივ, მოსახლეობა მოკლებულია ყოველგვარ უფლებებს და ამ მხრივ, მეფის ხელისუფლებასთან შედარებით, უფლებებით არა აღჭურვილ სუბიექტს წარმოადგენს“

მონარქის სამართლებრივი სტატუსის შემდეგი საფუძველი კვლავ თეოკრატიულ სახელმწიფოში უნდა ვეძებოთ, სადაც მონარქი მთელი სახელმწიფოს მესაკუთრედაა მიჩნეული. მონარქიის ეს მოდელი განსაკუთრებით მძლავრობდა შუა საუკუნეებში აბსოლუტიზმის განვითარების პერიოდში. იგი გარკვეულწილად შეიძლება დავუკავშიროთ ამავე პერიოდში გავრცელებულ პატრიმონულ თეორიას, რომელსაც წარმომადგენლებსაც სახელმწიფო მონარქის კერძო საკუთრებად მიაჩნდათ.

მონარქიის მესამე მოდელი, წინა ორისაგან განსხვავებით, სახელმწიფოსა და მონარქიის ერთიანობით ხასიათდება. ამ აზრით მონარქი სახელმწიფო მექანიზმის ნაწილია, ანუ ის ორგანოა, რომელიც სახელმწიფოს განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს. მონარქიის ეს მოდელი სახალხო სუვერენიტეტის იდეას უკავშირდება. „ამ კონსტრუქციის მიხედვით მონარქი ხალხის ნების ორგანოა და ამ მხრივ იგი სახელმწიფოს იურიდიული არსებობის ერთ-ერთი ელემენტის შემადგენელ ნაწილს აღნიშნავს“ [18. 19].

მონარქიის კატეგორიები, თანამედროვე მონარქიების მოდელები გარკვეული თავისებურებებით ხასიათდებიან, რაც სახელმწიფო მექანიზმში მონარქის როლს უკავშირდება. იგი არსებითად განსხვავებულია აბსოლუტიზმის ეპოქის მონარქიებისაგან. თანამედროვე მონარქიების მოდელების თავისებურება განზოგადოებული სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც მონარქის თავისუფალი მოქმედების შეზღუდულობა, როგორც საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ასევე სასამართლო ხელისუფლებათა განხორციელების სფეროში.

მონარქიათა დასახელებული მოდელების ფარგლებში სხვადასხვა ეპოქებში ჩამოყალიბდა მისი სხვადასხვა სახეები: აბსოლუტური, ანუ შეუზღუდავი მონარქია; საარჩევნო და მემკვიდრეობითი; შეზღუდული (კონსტიტუციური) მონარქია.

აბსოლუტური მონარქია

აბსოლუტური მონარქიისათვის დამახასიათებელია ხელისუფლების სრულად თავმოყრა ერთი პირის – მონარქის ხელში. მონარქი თვითონ გამოსცემს კანონებს, უფლებამოსილია განახორციელოს ეს კანონები ანუ უშუალოდ ახორციელებდეს ადმინისტრაციულ მმართველობას, უფლებამოსილია ამ მიზნით დანიშნოს მთავრობა. მონარქი არის უმაღლესი მსაჯული. აღნიშნული უფლებამოსილებებით მონარქი სარგებლობს ყოველგვარი პირობის გარეშე. მისი ხელისუფლება არავისგან და არაფრით არ არის შეზღუდული. აბსოლუტურ მონარქიაში მის ხელისუფლებას ზოგჯერ აძლიერებს ის გარემოებაც, რომ იგი ამავე დროს წარმოადგენს უმაღლეს სასულიერო პირსაც. ასეთ მონარქიას იშვიათად, მაგრამ მაინც თანამედროვე პირობებშიც აქვს ადგილი (მაგალითად, საუდის არაბეთსა და ომანში).

შეზღუდული მონარქია

შეზღუდული მონარქია მმართველობის ისეთი ფორმაა, რომელშიც მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია ისეთი არჩევითი ორგანოების მიერ, რომელთა აზრსა და ინტერესებს მონარქთა ანგარიში უნდა გაუწიოს. თუმცა, ამ დროს მონარქი როგორც იურიდიულად, ისე ფაქტობრივად საკმაო გავლენას ახდენს მათზე, ხოლო, თავის მხრივ, პარლამენტი საკონტროლო ფუნქციების შეძენით აიძულებს მონარქს ანგარიში გაუწიოს მას.

შეზღუდული მონარქია, თავის მხრივ, რამდენიმე სახედ იყოფა: წოდებრივ-წარმომადგენლობითი და კონსტიტუციური.

წოდებრივ-წარმომადგენლობითი მონარქია

წოდებრივ-წარმომადგენლობითი მონარქიის დროს მონარქის ხელისუფლება შეზღუდულია პრივილეგირებული წოდების ან ამ წოდების წარმომადგენელთა მიერ. მმართველობის ამგვარ ორგანიზაციას, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ზოგჯერ დუალისტურსაც უწოდებენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ „წოდებები ამ სახის მონარქიაში საკუთარი უფლებით მოქმედ კორპორაციებს, სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტებს წარმოადგენენ მონარქთან ერთად. ამგვარი წოდებრივი მონარქიის ფარგლებში ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ხელისუფლება არსებობს, რომელნიც ხან ერთიმეორის გვერდით, ხან კი ერთი-მეორისადმი დაპირისპირებულ ფორმებში მოქმედებენ“

კონსტიტუციური მონარქია

კონსტიტუციური მონარქიისათვის დამახასიათებელია უფლებების საკანონმდებლო შეზღუდვა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ სფეროში; ასევე ხელისუფლებათა მკვეთრი გამიჯვნა. მართალია, მონარქი ნიშნავს მთავრობას, მაგრამ ეს უკანასკნელი პასუხს აგებს არა მონარქის, არამედ პარლამენტის წინაშე. მონარქის აქტების მიმართ გამოიყენება კონტრასიგნაციის ინსტიტუტი, ე.ი. მონარქის აქტები სისრულეში მოდის მხოლოდ შესაბამისი მინისტრის მიერ ვიზირების შემთხვევაში. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, იგი მთლიანად დამოუკიდებელია. როგორც ვხედავთ, მონარქის უფლებრივი მდგომარეობა საკმაოდ შეზღუდულია, იქამდეც კი, რომ მონარქის პირადი ცხოვრების ზოგიერთ საკითხსაც მოიცავს. მაგალითად, ქორწინება, სასახლის სამსახური და სხვა შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. სწორედ ამიტომ არსებობს გამოთქმა „მეფობს, მაგრამ არ მართავს“.

აღნიშნული, რასაკვირველია არ ნიშნავს იმას, რომ მონარქი მხოლოდ დეკორატიული ფიგურაა სახელმწიფოში. ამას ნათლად ადასტურებს ირ. სურგულაძის მოსაზრება, რომლის მიხედვით, „მონარქის თანხმობის გარეშე შეუძლებელია რაიმე ცვლილება შევიდეს სახელმწიფოს კონსტიტუციურ წყობილებაში. ეს მომენტი აუცილებლად იგულისხმება მონარქის ცნებაში, ვინაიდან იქ, სადაც სახელმწიფოს ძირითადი კანონი შეიცვალა მონარქის თანხმობის გარეშე, არ არსებობს მონარქია“. მონარქი წარმოადგენს ერის სახელმწიფო სიმბოლოს.

მონარქია შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი და არჩევითი. მემკვიდრეობითი მონარქიის დროს მონარქის მოწვევა ხდება ტახტის მემკვიდრეობის კონსტიტუციით გათვალისწინებული წესით განსაზღვრული ოჯახიდან ან დინასტიიდან. არჩევით მონარქიას კი მაშინ აქვს ადგილი, როცა ტახტის გადაცემა ერთი პირისაგან მეორეზე ხდება არჩევნების, როგორც განსაზღვრული იურიდიული აქტის, საფუძველზე.

რესპუბლიკური მმართველობა

რესპუბლიკა მმართველობის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები აირჩევიან გარკვეული ვადით. რესპუბლიკის დროს სახელმწიფო მმართველობა, მონარქიისაგან განსხვავებით, კოლეგიურ ხასიათს ატარებს. ამგვარი მმართველობის დროს გადაწყვეტილების მიღება ხდება ჩვეულებრივ წინასწარ განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად კენჭისყრის გზით. იგი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა კანონით დადგენილმა უმრავლესობამ.

რესპუბლიკაში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი აძლევს მანდატს ხელისუფლებას მართოს საზოგადოება სახელმწიფოს საერთო კეთილდღეობის მიღწევისათვის. ე.ი. რესპუბლიკური მმართველობა წარმომადგენლობითი ხასიათისაა, რაც დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი და ოპტიმალური სახეა. ალბათ, სწორედ ამიტომ შეჩერდნენ ამერიკელი „დამფუძნებლები“ რესპუბლიკაზე, როგორც წარმომადგენლობით დემოკრატიაზე. მათ შორის ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ჯეიმს მედისონი რესპუბლიკას განსაზღვრავდა როგორც „ქვეყანას, რომელშიც კანონებს ქმნიან და აღასრულებენ ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები“. რესპუბლიკაში მთელ უფლებამოსილებას ხალხი გადასცემს ხელისუფლებას. წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებას განაგებენ, ასრულებენ თავიანთ სამუშაოს დათქმული დროის მანძილზე ან არაკეთილსინდისიერი საქციელის ჩადენამდე [18. 19].

რესპუბლიკური მმართველობა ეფუძნება ხელისუფლების განაწილების პრინციპს და განასხვავებს სამ დამოუკიდებელ შტოს: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას. ამასთან, დემოკრატიული რესპუბლიკური მმართველობის დროს ხელისუფლების განაწილების ფარგლებში მოქმედებს „ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის“ სისტემა, რომლის შესაბამისად, თითოეული ხელისუფლება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, მაგრამ მათი ფუნქციონირება დამოკიდებულია ურთიერთზემოქმედებასა და თანამშრომლობაზე ისე, რომ არც ერთ მათგანს უფლება და შესაძლებლობა არა აქვს ჩაერიოს ან მიითვისოს მეორის უფლება.

საპარლამენტო რესპუბლიკა

საპარლამენტო რესპუბლიკისათვის დამახასიათებელია პარლამენტის უმაღლესობა ხელისუფლების სისტემაში. ეს უმაღლესობა გამოხატვას პოულობს საპარლამენტო რესპუბლიკის ისეთ მთავარ თავისებურებაში, როგორიცაა მთავრობის ფორმირების საპარლამენტო წესი და მის წინაშე მთავრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, მთავრობის სოლიდარული პასუხისმგებლობა, რაც მთავრობის ერთი წევრის, განსაკუთრებით მისი თავმჯდომარისადმი, უნდობლობა, მთელი მთავრობის გადადგომას გამოიწვევს.

მთავრობის ფორმირება ხდება იმ პარტიათა მიერ, რომლებმაც არჩევნების შედეგად მანდატების უმრავლესობა მოიპოვეს პარლამენტში. მმართველობის ასეთი ფორმის დროს არსებობს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელსაც ირჩევს ან ნიშნავს პარლამენტი.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ფორმალურად ფართო უფლებამოსილებებითაა აღჭურვილი, მისი როლი მთავრობის ფორმირებაში ნომინალურია. პრეზიდენტის აქტები იურიდიულ ძალას, როგორც წესი, იძენენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას დაეთანხმება პარლამენტი ან მთავრობა. პრეზიდენტის აღნიშნულ აქტებზე პასუხისმგებლობაც ამ უკანასკნელთ ეკისრებათ.

საპარლამენტო რესპუბლიკის დროს მიუთითებენ ორი სახის სახელმწიფო რეჟიმზე: საპარლამენტოსა და მინისტერიალურზე.

საპრეზიდენტო რესპუბლიკა

საპრეზიდენტო რესპუბლიკის ძირითადი მახასიათებელი ნიშანია პრეზიდენტის წამყვანი როლი სახელმწიფო მექანიზმში. ამ როლის შესაბამისად, პრეზიდენტი ერთდროულად წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურს.

საპრეზიდენტო რესპუბლიკაში მოქმედებს პრეზიდენტის არჩევისა და მთავრობის ფორმირების არასაპარლამენტო წესი, რომლის შესაბამისად, პრეზიდენტი აირჩევა ქვეყნის მოსახლეობის მიერ საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით, ხოლო მთავრობას ქმნის პრეზიდენტი, ხშირად პარლამენტის თანხმობით.

შესაბამისად, საპრეზიდენტო რესპუბლიკის მთავარ თავისებურებას წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის არსებობა პარლამენტის წინაშე. ამ პრინციპიდან გამომდინარე, მთავრობის საქმიანობაში აუცილებლობას არ წარმოადგენს პარლამენტის მიერ პოლიტიკური ნდობის გამოცხადება. პარლამენტი არ არის უფლებამოსილი თანამდებობიდან გადააყენოს მთავრობის წევრი, ამის შესაძლებლობა პარლამენტს ეძლევა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურის გამოყენებით. სხვა შემთხვევაში მთავრობის წევრებს, მინისტრებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პრეზიდენტი. პარლამენტს, თავის მხრივ, შესაძლებლობა აქვს დააყენოს საკითხი პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

ფუნქციათა განაწილების შესაბამისად, პარლამენტი იღებს კანონებს, ხოლო მათ საფუძველზე და შესასრულებლად პრეზიდენტი მართავს ქვეყანას. ამ თანაფარდობისას პრეზიდენტს უფლება აქვს შეაყოვნოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, ანუ ისარგებლოს ვეტოს უფლებით, რომლის გადასალახავად განსაკუთრებული პროცედურაა დადგენილი. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ პარლამენტი, თავის მხრივ, ახდენს პრეზიდენტის მიერ დადებული შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების რატიფიკაციას.

ყოველივე აღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა ქმნის ხელისუფლების დანაწილების პრინციპისა და მის ფარგლებში ურთიერთგაწონასწორებისა და კონტროლის სისტემის გამოყენების საუკეთესო პირობებს. მმართველობის ეს ფორმა საშუალებას იძლევა ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებათა დამოუკიდებელი და ამასთან, კოორდინირებული მოქმედებისათვის.

მმართველობის ამა თუ იმ სახის დანერგვა შემთხვევითი მოვლენა არ არის. მისი არჩევა განპირობებულია სახელმწიფო ხელისუფლების მაქსიმალური სტაბილურობის მიღწევის მიზნით. ამასთან, მმართველობის ფორმის არჩევას განაპირობებს მთელი რიგი ფაქტორები: სახელმწიფოში არსებული ტრადიციები, კონკრეტული პოლიტიკური ვითარება, პოლიტიკურ ძალთა რეალური თანაფარდობა საზოგადოებაში და სხვა.

აქვე, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე საზოგადოების სირთულეს და, შესაბამისად, საზოგადოების, სახელმწიფოს სოციალური მართვის გართულებას, დადებით მხარეებთან ერთად საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკების ნაკლოვან მხარეებსაც, მაშინ ლოგიკურად უნდა მივიჩნიოთ მმართველობის განსხვავებული, ახალი ფორმების ძიება და არსებობა. მათი თავისებურებების დახასიათებისათვის იურიდიულ ლიტერატურაში ფართო განხილვის საგანია შერეული მმართველობის ფორმის სახელმწიფოები.

მმართველობის შერეული ფორმა

მმართველობის შერეული ფორმების აუცილებლობა დაკავშირებულია საპარლამენტო და საპრეზიდენტო ფორმების ნაკლოვან მხარეებთან, რომლებიც ზოგადად, კონცენტრირებული სახით შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

1. ხელისუფლების მონოპოლიზაცია და ავტორიტარიზმისაკენ გადახრა საპრეზიდენტო რესპუბლიკაში; ამ ტენდენციის შედეგად იურიდიულ ლიტერატურაში ხშირად მიუთითებენ სუპერპრეზიდენტზე, ზეპრეზიდენტზე;

2. მთავრობის არასტაბილურობის ზრდა საპარლამენტო რესპუბლიკაში.

მმართველობის შერეული ფორმებისათვის დამახასიათებელია როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო მმართველობის ნიშნები. პრეზიდენტი ნიშნავს მთავრობას, ამასთან, პრეზიდენტის მიერ დანიშნული მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, პრეზიდენტს აქვს უფლება ვადაზე ადრე დაითხოვოს პარლამენტი.

შერეული რესპუბლიკის მაგალითად შეიძლება მოვიტანოთ საფრანგეთი. 1958 წლის კონსტიტუციის შესაბამისად, საფრანგეთის პრეზიდენტი აირჩევა უშუალოდ მოსახლეობის მიერ, იგი ხელმძღვანელობს მთავრობას, ამავე დროს მთავრობა საჭიროებს ეროვნული კრების ქვედა პალატის აუცილებელ ნდობას.

საპარლამენტო და საპრეზიდენტო ნიშნების შეერთება მიზნად ისახავს სახელმწიფოს სტაბილურობის უზრუნველყოფას, სამთავრობო კრიზისების შემცირებას, უმაღლესი და ადგილობრივი ორგანოების კოორდინირებულ საქმიანობას. მაგრამ აღნიშნული შეერთება ყოველთვის არ იძლევა ისეთი „ჰიბრიდის“ მიღების შესაძლებლობას, რომელიც მოხსნიდა ყველა აღნიშნულ პრობლემას. ამიტომ შერევის ფორმებიც სხვადასხვანაირია ყოველ კონკრეტულ სახელმწიფოში. ამ თვალსაზრისით თვითონ მმართველობის შერეული ფორმის შიგნით შეიძლება ცალკე გამოვყოთ ნახევრადსაპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკა.

მმართველობის შერეული ფორმების არსებობის მთავარი მიზნისათვის – თავი დაეღწიათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკის ნაკლოვანებებისათვის, დღეისათვის მმართველობის არც ერთ არატრადიციულ ფორმას არ მიუღწევია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მმართველობის ფორმის საკითხი, მიუხედავად მისი წარმოშობის სიძველისა, თავისი პრაქტიკული პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობით მეტად აქტუალური საკითხია დღევანდელი საზოგადოებისათვისაც.

Leave A Reply

Your email address will not be published.