სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები” – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თითქოსდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს გიგა ბოკერიას 22 ოქტომბერს, სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში ესაუბრება. საუბრის სტენოგრამაში სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. მედიით გავრცელებულ სტენოგრამაში ასევე ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

Comments
Loading...