„სახლიც რომ გავყიდო, ვალს მაინც ვერ გადავიხდი“ – ვერცხლის ნაკეთობებზე მოვაჭრეები „ბავშვთა სამყაროში” შესვლას ითხოვენ

 

ვერცხლისა და მინანქრის ნაკეთობებზე მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მათი ნივთები დახლზე ინახებოდა და არა სპეციალურ საცავებში. შესაბამისად, იმედი არ აქვთ, რომ მათგან რაიმე გადარჩა.

მოვაჭრეების თქმით, ვერცხლი დაიწვა, ჯართად იქცა და ნაგავშია არეული.

„სახლიც რომ გავყიდო, ჩემს ვალს მაინც ვერ გადავიხდი. ბანკი რომ მეუბნება, შეგიჩერებ და გადაგივადებო, რა გადავიხადო, რა დავდო, რა გავყიდო? ვერაფერს გადავიხდი. მაშინ უნდა დამიჭირონ, იმიტომ, რომ ვერცხლის ორგრამიანი „ცეპი“ მიკეთია ყელზე. 50 000 ლარის მინანქრებიდან მხოლოდ ეს დამრჩა“, – განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ლუიზა შოთაშვილმა.

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი ორი დღის წინ, გამთენიისას გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.

Comments
Loading...