საკონსტიტუციო კომისიაში საარჩევნო სისტემის შეცვლაზე იმუშავებს “ნაციონალური მოძრაობა”

საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მუშაობა იქნება პრიორიტეტი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისთვის” საკონსტიტუციო კომისიაში. ამის შესახებ “ნაცმოძრაობიდან” საკონსტიტუციო კომისიის წევრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა.

“ვიმუშავებთ საკონსტიტუციო კომისიაში, რომ დაიძრას საკითხი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო სისტემის ცვლილებას და ზოგადად, მთელი სისტემის გადახედვას. ჩვენ ვაპირებთ, აქტიურად დავაყენოთ ეს საკითხი, როგორც პრიორიტეტი”,- აღნიშნა ტუღუშმა.
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობას კომისიაში 23 წევრი ჰყავს, 8 “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ორი პატრიოტთა ალიანსს, თითო-თითო “ლეიბორისტულ პარტიას” “თავისუფალ დემოკრატებს” და “დემოკრატიულ მოძრაობას”.
საქართველოში ე.წ. შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული საარჩენო სისტემით არჩეული 77 (პარტიული სიების საფუძველზე წარდგენილი კანდიდატები) და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისგან.  ოპოზიცია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას მოითხოვს.

Comments
Loading...