საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხის განხილვას უბრუნდება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხის განხილვას უბრუნდება. გარდა ამისა, მსჯელობის საგანი იქნება კონსტიტუციის ის ჩანაწერი, რომელიც საარჩევნო ბლოკების შექმნას ეხება.

კომისიის ფარგლებში განიხილება ბლოკების გაუქმების ინიციატივა, რომელიც არსებული ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დააყენა.

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით განმარტებები საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომის დაწყების წინ ”დემოკრატიული მოძრაობის” წევრმა, გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.

”საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი, მთელი არასამთავრობო სექტორი, ამის გაკეთებას გვირჩევს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. საუბარია იმაზე, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და მოხდეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.

ეს არის ყველას მრავალწლიანი მოთხოვნა. ხელისუფლების პოზიცია ჩვენ არ ვიცით – ისინი ხან თანახმა არიან, როგორც ეს წინა პარლამენტის შემთხვევაში იყო, ხოლო ახალ პარლამენტში აღარ არიან თანახმა შეცვალონ სისტემა. ვერა და ვერ გამოვგლიჯეთ სიტყვები, რომ გავიგოთ, რა უნდათ. დღესაც შევეცდებით, ამოვაღერღინოთ ხელისუფლებას, როგორმე გვითხრას, გამოყოს ენა და გაგვაგებინოს რა უნდათ, როგორ უნდათ და რას უპირებენ საარჩევნო სისტემას”, – განაცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლო აკრძალვის საკითხს, ახვლედიანის თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებში გადაიზრდება.

”ეს იმას ნიშნავს, რომ ”ქართულ ოცნებას”, რომელიც თავის დროზე ხელისუფლებაში ბლოკით მოვიდა, თუ რამის ეშინია, ეშინია პოლიტიკური გაერთიანებების, კოალიციებისა და ბლოკების”, -აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

 

 

ipn.ge

Comments
Loading...