საკონსტიტუციო სასამართლო “რუსთავი 2”-ის სარჩელზე მსჯელობს

საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების იმ ნაწილზე მსჯელობს, რომლითაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს გენერალურ და ფინანსურ დირექტორებს უფლებამოსილება შეუჩერდათ.
როგორც ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა განუცხადა, არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება დღესვე იყოს გამოტანილი.
გარდა ამისა, მურადაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
“განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგზე – სარჩელში მივუთითეთ, რომ დაყენებული მუხლების შეჩერების საკითხი ასევე ეხება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს, რაც ნიშნავს სიტყვისა და თავისუფლების შეზღუდვას. ჩვენ სასამართლოს წინაშე ამაზეც გავამახვილებთ ყურადღებას ვინაიდან, დროებითი მმართველი დაინიშნა სწორედ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მიზნით, რაც თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ასევე კრძალავს ცენზურას და უზრუნველყოფს სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას. ეს შეუქცევად ზიანს გამოიწვევს არა მარტო “რუსთავი 2″-ისთვის, არამედ ნეგატიური პრეცედენტი იქნება სხვა მედია საშუალებებისთვის და ჟურნალისტებისთვის”, – განაცხადა მურადაშვილმა.
კიდევ ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინება, რეალურად წარმოადგენდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილების გვერდის ავლას, რადგან მან დააყენა ის შედეგი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ არ უნდა დამდგარიყო.
“მიგვაჩნია, რომ ის ნორმები, რომლებზეც დღეს იქნება მსჯელობა და რომლებიც ჩვენ გავასაჩივრეთ, არის ბუნდოვანი, არ აკმაყოფილებს განჭვრეტადობის პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს წინასწარ არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ თუ რომელი ღონისძიება შეიძლება იქნეს გამოყენებული სარჩელის ან გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მუხლი, კერძოდ 271-ე მუხლი, შესაძლებლობას აძლევს მოსამართლეს გამოიყენოს გადაწყვეტილების უზრუნველყოფა მაშინაც კი როდესაც სარჩელი არის უზრუნველყოფილი, რაც ჩვენი აზრით არის არათანაზომიერი ჩარევა და შეზღუდვა საკუთრების უფლებაში, ვინაიდან, სარჩელი თუ უზრუნველყოფილია, აღარანაირი საჭიროება აღარ არსებობს გადაწყვეტილებაც იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.