საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი ტატიშვილის მიერ შეტანილ სარჩელზე ინფორმაციას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო ლგბტ უფლებადამცველის გიორგი ტატიშვილის მიერ შეტანილ სარჩელზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, ძალადაკარგულად იქნას ცნობილი სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ „ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა“.
როგორც ტატიშვილი სარჩელში განმარტავს, წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია, რადგან იგი აკმაყოფილებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონით და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს.
„კერძოდ, არსებობს აშკარა მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის 36-ე მუხლს შორის, რადგან სადავო ნორმებით იზღუდება ადამიანის უფლება, თავად აირჩიოს მისთვის სასურველი გენდერული იდენტობის მატარებელი წყვილი (მეუღლე) და მოახდინოს მასთან ქორწინების აქტის რეგისტრაცია როგორც შემდგომი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა (მაგალითად მემკვიდრეობა და ა.შ.).
ამასთანავე, ლგბტ პირებს არსებული ნორმის მოქმედების ფარგლებში ეკრძალებათ, აირჩიონ მათი გენდერული იდენტობის (ანუ მამაკაცი-მამაკაცი, ქალი-ქალი) მქონე წყვილი და შექმნან ოჯახი“, – აღნიშნულია სარჩელში.
ამასთანავე, როგორც სარჩელშია განმარტებული, დღეის მდგომარეობით, არსებული კანონის რეგულაცია უხეშად ლახავს ადამიანის პირადი ცხოვრების ქონის უფლებას რისი ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი არის ოჯახის შექმნა.
სარჩელში მოსარჩელე ქორწინებასა და ოჯახურ თანაცხოვრებაზე საუბრობს.
„სარჩელში წარმოდგენილი საკითხები მთლიანად არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რადგან იგი ეხება საკანონმდებლო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციასთან მიმართებით. აღნიშნული საკითხის შემოწმება კი საკონსტიტუციო სასამართლოს პირდაპირი უფლებამოსილებაა.
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი არ ითვალისწინებს ქორწინებისა და ოჯახის ცნებათა განსაზღვრებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია დადგინდეს მათი მნიშვნელობა. არსებობს ქორწინების ცნების კანონისმიერი განსაზღვრება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში.
როგორც კანონი გვეუბნება, ქორწინების ოფიციალური აღიარებისთვის საჭიროა შემდეგი გარემოებები: ა) ქორწინება მიზნად უნდა ისახავდეს ოჯახის შექმნას; ბ) ქორწინება უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი; გ) ქორწინება უნდა იყოს სათანადო წესით რეგისტრირებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს ერთსქესიანთა ქორწინებას. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით, ეს პირდაპირ არ არის აკრძალული. აქ საუბარია ზოგადად „მეუღლეებზე”. საქართველოს კონსტიტუცია ხაზს უსვამს მხოლოდ მეუღლეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობას.
თითქმის ასეთივე ნორმებს შეიცავს რიგი ქვეყნების კონსტიტუციები.
ჩვენი ვარაუდით, სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებული მოთხოვნა და დებულება ქორწინების როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის განმარტებისას ირღვევა იმ ერთსქესიანი წყვილების და ზოგადად ადამიანების უფლებები, რომლებსაც ფაქტობრივად შექმნილი აქვთ ოჯახი და აქვთ ოჯახისთვის დამახასიათებელი ურთიერთთანაცხოვრების პრინციპები. შესაბამისად, მათ უნდა ქონდეთ უფლება საკუთარი ურთიერთთანაცხოვრების ლეგალური რეგისტრაციის განხორციელებაზე შემდგომი სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულებების აღიარებისა და იმპლემენტაციისათვის“ – აღნიშნავს ტატიშვილი სარჩელში.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106 მუხლის შემადგენლობაში არსებული ორი წინადადება “ქალისა და მამაკაცის” არსებობა და ამგვარი ჩანაწერის არსებობისას ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპებისა და თავისუფალი განვითარების უფლების ხელყოფა არის უხეში ჩარევა პირის პირად ცხოვრებაში, აწესებს არამართლზომიერ და დისკრიმინაციულ მიდგომას ერთსქესიანი წყვილების მიერ ქორწინების რეგისტრაციის განხორციელებაზე და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტიციის 36-ე მუხლის პირველ ნაწილს.
გიორგი ტატიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, სარჩელზე საბოლოო გადაწვეტილების გამოტანამდე მოხდეს სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება, ვინაიდან, როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია, დაირღვეს არაერთი პირის კონსტიტუციური უფლება.
„სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში დადასტურდება, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდა ამ პირთა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებში დაუსაბუთებელ ჩარევას. იმისათვის, რომ აღმოიფხვრას მომავალში არაკონსტიტუციურ მუხლზე დაყრდნობით არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღების პირთა საფრთხე, საკონსტიტუციო სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე უნდა მოხდეს სადავო ნორმათა მოქმედების შეჩერება“, – აღნიშნულია სარჩელში.
ლგბტ უფლებადამცველმა გიორგი ტატიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, როგორც ფიზიკურმა პირმა, გასული წლის 25 დეკემბერს მიმართა.

Comments
Loading...