საკორინთლოს განაპირას შეიარაღებულმა პირებმა სამი ადგილობრივი დააკავეს

კასპის რაიონში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ საკორინთლოს განაპირას, შეიარაღებულმა პირებმა სამი ადგილობრივი დააკავეს.
გიორგი ოღაძე, ნიკოლოზ ოღაძე და აკაკი თვალიაშვილი სოფლის საძოვრებზე პირუტყვს აძოვებდნენ, როდესაც რუსული საჯარისო დანაყოფის ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ.
თვითმხილველების განცხადებით, საკორინთლოს მცხოვრებლები ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე სწორედ იმ ადგილზე იმყოფებოდნენ, რომელსაც ადგილობრივები საძოვრად და სახნავ-სათეად იყენებენ.
დაკავების შესახებ გიორგი ოღაძემ ახლობლებს ტელეფონით აცნობა. ამ დროისთვის კი, მათთან სატელეფონო კავშირის დამყარებას ოჯახის წევრები ვეღარ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით, სამივე დაკავებული ცხინვალის მილიციის იზოლატორში გადაიყვანეს.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის განცხადებით, რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა, ე.წ. მესაზღვრეებმა თავად გადმოკვეთეს პირობითი საზღვარი და ამგვარად დააკავეს საკორინთლოს მცხოვრებლები.

Leave A Reply

Your email address will not be published.