„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი საპარლამენტო საქმიანობას განაგრძობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის წევრი განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც სამადაშვილი აღნიშნავს, პარტიაში შეთქმულების თეორიებზე საუბარი მიუღებელია და ეს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.
„მიმაჩნდა, რომ პარტიის ერთიანობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი ამოცანა იყო, რომელიც სამწუხაროდ, განუხორციელებელი აღმოჩნდა. ყოველგვარი საუბარი შეთქმულების თეორიებზე კატეგორიულად მიუღებლად მიმაჩნია, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. რაც შეეხება ჩემს პირად გადაწყვეტილებას, ვთვლი, რომ რადგან ჩემი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიღებული მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, დღეს სწორი იქნება ჩემი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება ამ პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში”, – აცხადებს სამადაშვილი.
მისივე თქმით, საპარალამენტო საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, რადგან შიდაპარტიულ დაპირისპირებაში ორივე მხარეს მისი მეგობრები არიან.
„ეს გადაწყვეტილება მარტივი არ იყო, რადგან ამ შიდაპარტიულ დაპირსპირებაში ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებთანაც მრავალი წლის მეგობრობა მაკავშირებს; ადამიანები, ვისთან ერთადაც განვლილი მაქვს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ურთულესი ბრძოლები თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოს შექმნის გზაზე. ვაკეთებ იმ არჩევანს, რომელიც ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, უნდა გააკეთოს არჩეულმა პოლიტიკოსმა, პატივს ვცემ ჩვენი ამომრჩევლის ნებას, რომელმაც ხმა მომცა, როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წარმომადგენელს.
წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვინც სხვა არჩევანს აკეთებს დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კვლავ ერთად მოგვიწევს ბრძოლა ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისთვის”, – ნათქვამია სალომე სამადაშვილის განცხადებაში.