სალომე ზურაბიშვილი: ჯერ არსად მეჩქარება

მთაწმინდის N1 მაჟორიტარული ოლქის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერებს მადლობას  უხდის სოციალური ქსელის მეშვეობით.

როგორც ზურაბიშვილი წერს, ახლა მისთვის „მესამე ტური” იწყება.

„ცოტათი დავისვენე, თემურსა და ქეთევანს ცოტა მაინც მოვეფერე და გავაცილე, ჩემ გუნდს ერთხელ კიდევ (და კიდევ ბევრჯერ) მადლობა მოვახსენე.
ახლა თქვენი ჯერია – მხარდამჭერებო, პირველი დღიდან გულშემატკივრებო, ნაცნობებო და უცნობებო მაგრამ მუდმივ გამამხვენებლებო,ამომრჩევლებო და სხვა უბანში თუ ქვეყანაში მაცხოვრებლებო და თუნდაც თქვენც, ვინც სამართლიანად თუ უსამართლოდ მაკრიტიკებდით, ყველას გეკუთვნით ჩემი უღრმესი და გულწრფელი მადლობა, რამეთუ თქვენს გარეშე აქამდე ალბათ ვერ მოვიდოდი, და დიდწილად თქვენს გამო ვარ სადაც ვარ, დიდი მადლობა ყველას.

აწი უცნაური დღე მითენდება – ჯერ არსად მეჩქარება, არც ვიცი რა მელის და როგორ იქნება ეს ახალი ცხოვრება- და პირველად, ის არ განმიცდია საარჩევნო ბრძოლაში – დღეს უცებ შიშმა დამიპყრო,  შიში ჩემი თავისა, შიში იმისა, რომ ვერ გავამართლო თქვენი მოლოდინი, ნდობა და დიდი იმედები,  ეს არის უდიდესი ტვირთი და ერთადერთის თქმა შემიძლია დღეს : ვეცდები,  ვეცდები და იმედი მაქვს შევძლებ. მესამე ტური იწყება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი

30 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის N1 მაჟორიტარულ ოლქში „ ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნიკოლოზ რურუამ ამომრჩეველთა ხმის 32.42% დააგროვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა – 67.58%.

Comments
Loading...