სალომე ზურაბიშვილი ვეტოზე – ამ გაპოლიტიზირებული ქმედებებით, პრეზიდენტი თავისი პირველი მტერია

ამ გაპოლიტიზირებული ქმედებებით, პრეზიდენტი თავისი პირველი მტერია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

ზურაბიშვილი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

დეპუტატის განმარტებით, მან ხმა მისცა ვეტოს დაძლევას, ხოლო „პრეზიდენტის წარდგენილ შენიშვნებს, ასევე წარდგენილ მოსამართლეთა კანონის უცვლელ ვერსიას მხარი დაუჭირა“.

”ამ ყველაფერს განმარტება სჭირდება: მიმაჩნია, რომ წარდგენილი მესამე ტალღის კანონპროექტი წარმოადგენს დიდ პროგრესს ჩვენს სასამართლო სისტემაში და ამის ხელოვნურად შეფერხება ქვეყნისთვის დანაშაულია. ამავდროულად, პრეზიდენტის შენიშვნები (გარდა რეფორმის 15 მარტს ამოქმედებისა, რამეთუ მზადყოფნა აუცილებელია სწორი და ეფექტური ამოქმედებისთვის) გასათვალიწინებელი მიმაჩნია: მათ შორის უვადო დაწესება მოსამართლეების საცდელი 3 წლიანი ვადის გარეშე, მოსამართლეების მათივე კოლეგებისგან არჩევა და არა იუსტიციის საბჭოს მიერ, იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის სხვა ფუნქციების შეთავსების აკრძალვა. ეს არავის მოგონილია და წარმოადგენს სწორედ იმ სტანდარტებს, რომლებიც დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სასამართლოს ამკვიდრებს. საითკენაც მიდის სწორედ არსებული კომპლექსური რეფორმა და გუშინ მიღებული კანონიც, ამიტომ არ მიმაჩნდა სწორი ყოფილიყო ამ შენიშვნების ვეტოს სახით წარდგენა – ვითომდა კანონი არ ყოფილიყოს დემოკრატიული სტანდარტების სათანადო, ვითომცდა ამ შენიშვნების ბევრად ადრე წარდგენა შეუძლებელი ყოფილიყო, ვითომც და ამ ეტაპების გავლის შემდგომ კანონში შეტანის საშუალებაც არ იყოს ( რეფორმა ჯერდასრულებული არაა). სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვეტო – ვითომც რამე საგანგაშო ხდებოდეს და არა ჩვეულებრივი პროცესი – ატარებს პოლიტიკურ ელფერს. პრეზიდენტი აქაც ცდილობს თავი აჩვენოს საზოგადოებას როგორც დემოკრატიის და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დამცველი, რაც უთუოდ უნდა იყოს, ოღონდ აქ არც დემოკრატია არც მოსამართლეების დამოუკიდებლობა ისეთ საფრთხეში არ იყო, რომ პრეზიდენტი ამ ფორმით ჩარეულიყო. მისი ჩარევა პირიქით, ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ უნდობლობას და არა მის შემდგომ განვითარებას”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ „ეს არის პოლიტიკური თამაში, რომელსაც „ნაციონალები“ მხარს უჭერენ გასაგები მიზეზების გამო“.

”რაც მთავარია, ეს არის ის პოლიტიკოსობა სახელმწიფო მიდგომის ნაცვლად, რომელიც თავად ასუსტებს პრეზიდენტის ინსტიტუტს. მარტში კი წარდგება პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე და განგაშის ზარს შემოჰკრავს ამ ინსტიტუტის გადასარჩენად, იგივე ითქმის მის ჩარევაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმეებში, როცა აქაც „ნაცების“ აჟიოტაჟს უბამს მხარს. როგორც მომხრე პრეზიდენტის ინსტიტუტის შენარჩუნებისა, ვფიქრობ, ამ გაპოლიტიზირებული ქმედებებით პრეზიდენტი თავისი პირველი მტერია”, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

 

 

ipn.ge

Comments
Loading...