სამ თვეში “გულის შეტევით” გარდაცვლილი 4 რუსი დიპლომატი

რამდენიმე დღის წინ გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვიტალი ჩურკინი გარდაიცვალა. რუსი დიპლომატი, რომელიც ამ პოსტზე 2006 წლიდან მუშაობდა, 20 თებერვალს, 65 წლის შესრულებამდე ერთი დღით ადრე, ნიუ-იორკში მოულოდნელად დაიღუპა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება, თუმცა რუსული მედია გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს…

ჩურკინი ბოლო დროს აქტიურად იყო ჩართული სირიის კრიზისში. გასული წლის დეკემბერში, გაეროს უსაფრთხოების სამიტზე მან განაცხადა, რომ “ალეპოში უდანაშაულო ქალებისა და ბავშვებს ზოგჯერ მტვერს აყრიან, რომ დაბომბვის მსხვერპლად წარმოაჩინონ…”

რუსული პრესის ერთი ნაწილის ინფორმაციით, ჩურკინი მუდმივად იყო ჯერ ბუშის, შემდეგ კი ბარაქ ობამას კრიტიკის ობიექტი, “სადაც ის მუდმივად და შეუპოვრად იცავდა რუსეთის პოზიციებს”. ამიტომაც, შესაძლოა, მისი გარდაცვალების კვალი სწორედ ამერიკის სპეცსამსახურებთან მიდიოდეს.

თუმცა, არსებობს სხვა, გაცილებით რეალური ვერსიაც, რომლის თანახმადაც, ის ვლადიმერ პუტინმა თავიდან მოიშორა, რადგან დიპლომატმა “ძალიან ბევრი იცოდა”. ბლოგერი სვეტლანა კუზმენკო წერს, რომ “ჩურკინი გაეროში კრემლის მოლაპარაკე თავი იყო და ჰააგის მოსალოდნელ ტრიბუნალზე მას ბევრი საინტერესო რამის თქმა შეეძლო. თუნდაც, იმ მწვავე თემაზე, თუ ვინ გადასცა წერილი ვიქტორ იანუკოვიჩის თხოვნით, უკრაინაში ჯარი შეეყვანათ; ასევე, ბევრი იცოდა ყირიმის ანექსიაზე, დონბასის ოკუპაციაზე, მალაიზიის ავიახაზების “ბოინგზე”, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, “ისლამურ სახელმწიფოში” მყოფ რუსებზე; ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მაღალჩინოსნების მოსყიდვასა და სხვა დეტალებზე, რაც საერთაშორისო სასამართლოსთვის საინტერესო იქნება…”

2015 წლის ნოემბერში, სასტუმროს ნომერში, გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვლილი იპოვეს ვლადიმერ პუტინის სპეციალური მრჩეველი მიხაილ ლესინი, რომელიც რუსული საინფორმაციო არხის RT-ის დამფუძნებელიც იყო. თავიდან მისი გარდაცვალების მიზეზადაც გულის უკმარისობა დასახელდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ის თავში მძიმე საგნით მიყენებული დარტყმის შედეგად გარდაიცვალა… გავრცელდა მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც ის ალკოჰოლური სასმელით მოწამლეს. საბოლოოდ, მისი სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა.

2017 დასაწყისში სააბაზანო ოთახში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს ათენში რუსეთის ფედერაციის კონსული ანდრეი მალანინი, რომელსაც დიპლომატიაში საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. 55 წლის რუსი დიპლომატი დილით სამსახურში არ გამოცხადდა და არც ზარებს უპასუხა. მის საცხოვრებელ ნომერში მივიდა ადგილობრივი პოლიცია. კარი შიგნიდან იყო ჩაკეტილი… ათენის პოლიციის თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს და დიპლომატი აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს…

ერთ-ერთ ვერსიად ევროკავშირში მისი ინტერესები სახელდებოდა. რუსული პრესის ინფორმაციით, მალანინი აქტიურად მუშაობდა რუსეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ცდილობდა ადგილობრივი მაღალჩინოსნები რუსეთისთვის სანქციების დაწესების უარყოფით შედეგებში დაერწმუნებინა და არც თუ უშედეგოდ…  იმავდროულად, საბერძნეთსა და ევროკავშირს, ასევე ნატოს წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაფუჭებას სწორედ მას მიაწერდნენ.

მიმდინარე წლის იანვარში მოულოდნელად გულის შეტევა დაემართა ინდოეთში რუსეთის ელჩს ალექსანდრ კადაკინს, რომელიც სასწრაფოდ დელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ 68 წლის რუსი დიპლომატი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა… ის აღნიშნულ პოსტზე 2009 წლიდან მუშაობდა და დელიში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებდნენ, რომ კადაკინს გულის პრობლემები არასდროს ჰქონია…

რუსული პრესის ინფორმაციით, მას ახლო

ურთიერთობა ჰქონდა ამ ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებთან და ამავდროულად ცდილობდა, რუსეთს ნორმალური ურთიერთობა შეენარჩუნებინა პაკისტანთან.

გასული წლის 20 დეკემბერს მთელი მსოფლიო შეძრა პირდაპირ ეთერში განხორციელებულმა მკვლელობამ, – თავდამსხმელმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა შეძახილით – “არ დაივიწყოთ ალეპო, არ დაივიწყოთ სირია!” – და რამდენიმე გასროლით ადგილზე მოკლა თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა. რუსი დიპლომატი ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელი 22 წლის ყოფილი ქურთი სამართალდამცველი მევლუთ მერთ ალთინთაში იყო.

მაშინ ხელოვნების ცენტრში ასამდე ადამიანი იმყოფებოდა. დიპლომატის გარდა, სროლის დროს დაშავდა კიდევ 3 პირი.

რუსული მედიის თქმით, ცნობილია, რომ როდესაც ჩინოვნიკი ზედმეტი ხდება, მას აუცილებლად “უჩნდება” ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ისე კი, ყველა დიპლომატი, რომლებიც თავიანთ მისიას უცხოეთში უძღვებიან, რეგულარულად იმოწმებენ ჯანმრთელობას და შეუძლებელია, გულთან დაკავშირებული ცვლილები გამოპარვოდათ.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

Comments
Loading...