სამხარაულის ექსპერტიზა და საქალაქო სასამართლო კეზერაშვილს კეთილსინდისიერ ბიზნესმენად აღიარებს

„სამხარაულის“ ექსპერტმა გიორგი ჩადუნელმა „სენტა პეტროლიუმის“ ბიზნესი და ქონება კეზერაშვილის სასარგებლოდ, შეუსაბამოდ დაბალ ფასად  შეაფასა. შესაბამისად დავით კეზერაშვლმა, რომელსაც არაერთი ბიზნესმენი ედავება ქონების უკანონოდ და იძულებით ჩამორთმევას, ქართულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო.

სასამართლო პროცესი „სენტა პეტროლიუმ ჯორჯიას“ დამფუძნებლებსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრს დავით კეზერაშვილს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე თეა ხამხაძემ კიდევ ერთი გადაწყვეტილება გამოიტანა კეზერაშვილის სასარგებლოდ და დაასკვნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ბიზნესზე ზეწოლა არ ხდებოდა.

ხამხაძე თავისი გადაწყვეტილებით ამტკიცებს, რომ ბიზნესმენები საკუთარი ნებით და სურვილით უფორმებდნენ ბიზნესს და ქონებას მაღალჩინოსნებს და ვერც „სენტა პეტროლიუმის“ საქმეში ნახა რაიმე საეჭვო.

სასამართლო დაეყრდნო სამხარაულის ექსპერტიზის სასაქონლო და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ჩადუნელის დასკვნას, რომელმაც “სენტა პეტროლიუმის“ ქონება და ბიზნესი ზუსტად იმ ფასად შეაფასა, რამდენადაც თავის დროზე დავით კეზერაშვილმა და ციფრი არითმეტიკული სიზუსტით დაამთხვია თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ გადახდილ თანხას.

ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარემ წარადგინა, საწინააღმდეგოს ამტკიცებს და ჩადუნელის შეფასებას ეჭვქვეშ აყენებს.

არგუმენტი მარტივია – სამხარაულის ექსპერტმა ორი დასკვნა წარმოადგინა: მან ბიზნესის დაკვეთით შეაფასა კომპანიის მხოლოდ ქონება და გამოძიების დაკვეთით კომპანიის ქონება და ბიზნესი ერთად. დასკვნებში ვკითხულობთ, რომ ქონების ღირებულება შეადგენს 22 000 000 აშშ დოლარს, ხოლო მეორე დასკვნაში, სადაც აქტივების, წილებისა და ბიზნესის ღირებულება განსაზღვრა, ღირებულება 22 200 000 დოლარია. ამ დასკვნების საფუძველზე გამოდის, რომ ბიზნესი ექსპერტმა 200 000 დოლარად შეაფასა. საუბარია ბიზნესზე, რომლის მოგება იძულებით გადაფორმებამდე, ბოლო წლის მონაცემებით 10 000 000 ლარამდე იყო.

მოსამართლე თეა ხამხაძემ არ გაიზიარა თავად დავით კეზერაშვილის მოდგილის მამუკა მუჯირის ჩვენება, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა, თუ როგორ იბარებდნენ ზაალ იაკობიძეს და დავით მიმინოშვილს „პიქსელის“ შენობაში და რა მეთოდებით მოითხოვდნენ მათგან ქონების და ბიზნესის გადაფორმებას.

მამუკა მუჯირი:  „ზოგადად, იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი როდესაც დაიბარებდა გასაგები იყო, რომ იქ ბიზნესს დაათმობინებდა, თუ სხვა რაღაცას იზამდა მგონი, ყველასთვის ცნობილია, როგორც ხდებოდა ხოლმე ასე ვთქვათ ბიზნესის „ახევა“.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიცი, რომ დაურეკეს, დაიბარეს კეზერაშვილთან პიქსელის შენობაში, მეათე სართულზე ჰქონდა კაბინეტი, სადაც შეხვედრია და მოუთხოვია, რომ თქვენი ბიზნესი უნდა წავიღოო.

თავიდან, მე რამდენადაც ვიცი, უთქვამს, რომ 28 მილიონს გადაგიხდით და უნდა მომყიდოთო. ერთი დღე მისცა მოსაფიქრებელი ვადა. ბიჭებმა მე მითხრეს, რომ არ უნდოდათ საერთოდ გაყიდვა იმიტომ, რომ იმ პერიოდში, რამდენადაც მათგან ვიცოდი, თვეში დაახლოებით 10 მილიონის, თუ მეტის მოგება ჰქონდათ. მთხოვეს, იქნებ მიხვიდე, შენ ახლოს ხარ მაგასთანო. იქნებ მიხვიდე და თხოვო, რომ თავი დაგვანებოსო. თემა ეს იყო.

ეს შეთანხმებული მაქვს ყველასთან და აღარაფერი შეიცვლებაო. მაგათ ურჩიე, მოეშვან სისულელეებს, მოვიდნენ და მომიწერონ ხელიო. იმხელა მოგების მიღებაზე იყო საუბარი, გასაგებია მისი მოტივაციები.

იმ ხელისუფლების პირობებში კეზერაშვილი რომ რაღაცას გთხოვდა ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ ან დაგიჭერდნენ, ან სხვა ზემოქმედებას მოახდენდნენ. დამუქრებია კიდეც პირველივე შეხვედრაზე, რომ თუ არ დაეთანხმებოდნენ, ვერ დაამთავრებდნენ კარგად“.

ამ ყველაფრის შემდეგ ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი დააპატიმრეს. ზაალ იაკობიძე პატიმრობაში დატოვეს, დავით მიმინოშვილი კი გამოუშვეს, რომ ბიზნესი და ქონება კეზერაშვილის კომპანიებისთვის გადაეფორმებინა. ასეც მოხდა და სრულად გადაფორმების შემდეგ ზაალ იაკობიძეც გაათავისუფლეს პატიმრობიდან. მოსამართლე თაე ხამხაძემ ვერც აქ მიაგნო ვერაფერ საეჭვოს და დაასკვნა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში განხორციელდა.

მოსამართლე თეა ხამხაძისთვის ეს ბოლო განხილული სასამართლო დავაა – 12 სექტემბერს მან განაჩენი გამოიტანა და მოსამართლეობის ვადა გაუვიდა. 3 წლის განმავლობაში გაჭიანურებული დავა ხამხაძემ დაჩქარებული წესით, მოსამართლეობის ვადის გასვლამდე ზედიზედ დანიშნული პროცესების შემდეგ, 2 კვირაში დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ 2 კვირის განმავლობაში პროცესები დაზარალებული მხარის დაცვის გარეშე ჩაატარა. მან არ დააკმაყოფილა „სენტა პეტროლიუმის“ ადვოკატის შუამდგომლობა, ავადმყოფობის გამო, პროცესის გადადების თაობაზე.

ზაალ იაკობიძისა და დავით მიმინოშვილის საჩივრის საფუძველზე, 2013 წლიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ  და მიმდინარეობს გამოძიება.

თეა ხამხაძის გადაწყვეტილების გასაჩივრებას კი მხარე სააპელაციო სასამართლოში აპირებს.

Comments
Loading...