სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სირიაში

სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სირიაში (იანვარი-თებერვალი, 2016 წ.)
2016 წ. სიტუაცია სირიაში ძალზე რთულია. ბაშარ ასადის ხელისუფლების ძირითად ამოცანად კვლავ რჩება — ტერორისტული გაჯგუფებებისაგან ქვეყნის განთავისუფლება, რომლის შემდეგ შესაძლებელი გახდება ეროვნული კონსოლიდაცია/შეთანხმება (ეთნო-რელიგიური კონფესიების შერიგება) და შიდა ვითარების ნორმალიზება.
მსოფლიო წამყვანი ქვეყნები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებენ სირიის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს – შეწყდეს სამხედრო მოქმედებები და გაიმართოს მოლაპარაკებები. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო წამყვან ქვეყნებს ამ საკითხში გააჩნიათ სხვადასხვა მოსაზრებები — დაწყებული, ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით ჩამოცილებით, დამთავრებული სამხედრო ჩარევით სირიის შიდა საქმეებში. ეს კი რადიკალურად ეწინააღმდეგება სირიის მთავარი მოკავშირეების — რუსეთის ფედერაციისა და შიიტური ირანის სტრატეგიულ ინტერესებს რეგიონში.
2016 წ. 1 თებერვალს, სირიის სამთავრობო არმიამ, რომელსაც აქტიურად ეხმარება ლიბანური „ჰეზბოლა“ (ასევე, ირანელი მოხალისეები, ავღანელი და ერაყელი შიიტები) დაიწყო ე.წ. „ჩრდილო ალეპოს სამხედრო ოპერაცია“.
აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში სირიის სარდლობა გეგმავს კონტროლი აღადგინის სირია-თურქეთის საზღვრის იმ მონაკვეთებზე, საიდანაც წლების მანძილზე გრძელდება ბოევიკების მომარაგება (ცოცხალი ძალა, შეიარაღება, დაფინანსება) და შემდეგ ალეპოში მყოფი ტერორისტული დაჯგუფებების ეტაპობრივი განადგურება.
2016 წ. „ჩრდილო ალეპოს სამხედრო ოპერაცია“ არის 2015 წ. ოქტომბერ-დეკემბრის ალეპოს სამხედრო კამპანიის გაგრძელება.
ცნობისთვის, 2015 წ. 16 ოქტომბერს სირიის სამთავრობო არმიამ დაიწყო მასშტაბური სტრატეგიული შეტევა ბოევიკების პოზიციებზე ქ. ალეპოს სამხრეთ ნაწილში. ოპერაციის ამოცანა იყო:
• აზანის მთებზე სტრატეგიული სიმაღლეების დაკავება, რაც არმიას საშუალებას აძლევდა გაეკონტროლებინა პროვინციის დედაქალაქისკენ მიმავალი მთავარი ავტომაგისტრალი
• ასევე, ნიადაგის მომზადება, რათა გაერღვიათ ბოევიკების პოზიციები და მოეხდინათ ქ. ალეპოში მყოფი სამთავრობო ნაწილების დებლოკირება
ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა ცნობილი ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი (ისლამური რევოლუციის გვარდიის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის „ალ-ყუდსის“ სარდალი). მის განკარგულებაში იყო:
– სირიის არმიის 4-ე მექანიზირებული დივიზია,
– „ჰეზბოლა“ (ლიბანური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია)
– „ჰარაქათ ჰეზბოლა ალ-ჯანუბა“ (ერაყელი შიიტები),
– „ჰეზბოლას ბატალიონები“ (ერაყსა და სირიაში მოქმედი შიიტური ისლამისტური ჯგუფი),
– „ლივა აბუ ალ ფადლ ალ-აბასი“ (ალ-აბასის ბრიგადა — სირიაში მოქმედი შიიტური ისლამისტური ჯგუფი),
– „ლივა ფათემიუუნი“ (Liwa Fatemiyoun), ან ფათემიუუნის ბრიგადა (Fatemiyoun Brigade) — სირიაში მებრძოლი ავღანელი შიიტების მილიცია (ჰაზარელები)
ზოგი ექსპერტის მოსაზრებით, აღნიშნული ოპერაციის წარმატება ძირითადად ირანელ მოხალისეების დამსახურებაა.
ოპერაციაში მონაწილე სამხედრო მაღალჩინოსნები:
• გენერალი ყასემ სულეიმანი (ოპერაციის ხელმძღვანელი)
• გენერალ-მაიორი სალეჰ აბდულლაჰი (სირიელი სამხედროების ხელმძღვანელი)
• პოლკოვნიკი საიიაჰ თაჰერი (ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური). დაიღუპა ბრძოლაში
• მოსტაფა სადრზადე (ამარის ბრიგადის ლიდერი). დაიღუპა ბრძოლაში
• ჰუსეინ ფერდაი (ფათემიუუნის ბრიგადის უფროსი მეთაური). დაიღუპა ბრძოლაში
• მოჰამად ალ-საიდი (ლივა ალ-ყუდსის ბრიგადის მეთაური)
ოპერაციაში მონაწილე სამხედრო ნაწილების რაოდენობა:

• 4000+ შიიტი მოხალისე და ჯარისკაცი
• 2000+ ირანელი სამხედრო ნაწილები
• 1500+ ერაყელი შიიტები
ოპერაციის დაგეგმარება და მსვლელობა
როგორც ჩანს, 2015 წ. ოქტომბერ-დეკემბრის ალეპოს სამხედრო კამპანიისათვის სამზადისი დაიწყო ჯერ კიდევ ივლისში, როდესაც გენერალ ყასემ სულეიმანი ზივიტით იმყოფებოდა ქ. მოსკოვში (ირანის უმაღლესი ლიდერის ალი ჰამენეის დავალებით) და რუსი კოლეგებთან ერთად განიხილეს მომდევნო ერთობლივი სამხედრო კამპანიის დეტალები.
სამხრეთ ალეპოში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, სირიელმა სამხედროებმა დაიწყეს ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ბაზა „ქუვეირეს“-ის განთავისუფლება (ოპერაცია მიმდინარეობდა 14 სექტემბრიდან – 16 ნოემბრამდე). „ქუვეირესი“ იმ დროისთვის 2 წლის მანძილზე იმყოფებოდა სრულ იზოლაციაში — მომარაგება სურსათით და შეიარაღებით ხორციელდებოდა მხოლოდ საჰაერო ავიაციის მეშვეობით.
გენერალ ყასემ სულეიმანი პირადად იმყოფებოდა ჩრდილო-აღოსავლეთ ლათაკიაში და უშუალოდ ხელმძღვანელობდა „სამხრეთ ალეპოს მასშტაბურ სპეცოპერაციას“. გენერალ ყ. სულეიმანის იცავდნენ ერაყელი შიიტები და ირანელი სამხედროები. 12 ოქტომბერს გენერალ სულეიმანი სირიაში შეხვდა ირანელ და რუსეთის სამხედრო მრჩევლებს, სადაც დაიგეგმა ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სამხედრო თათბირს ასევე ესწრებოდნენ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 6 მაღალი რანგის ოფიცერი.
ოპერაციის შედეგები
• სამთავრობო ძალებმა დაიკავეს დაახლ. 408 კვ. კმ ტერიტორია, მათ შორის ალ-ხადერი, ხან თუმანი, ალეპო-დამასკოს ავტომაგისტრალი.
• სამთავრობო ძალებმა ასევე კონტროლი დაამყარეს სტრატეგიული დანიშნულების ხანასერ-ითჰრიის ავტომაგისტრალზე.
• აღნიშნული ოპერაცია ემსახურებოდა ყურადღების გადატანას — სამთავრობო ძალების და „ჰეზბოლას“ ძირითად მიმართულებად შიიტური დასახლებების (ნუბლი და ალ-ზაჰრას) დებლოკირება იყო, რაც წარმატებით დასრულდა.
2016 წ. „ჩრდილო ალეპოს სამხედრო ოპერაცია“
2016 წ. 1 თებერვალს, სირიის სამთავრობო არმიამ, რომელსაც აქტიურად ეხმარება ლიბანური „ჰეზბოლა“ (ასევე, ირანელი მოხალისეები, ავღანელი და ერაყელი შიიტები) დაიწყო ე.წ. „ჩრდილო ალეპოს სამხედრო ოპერაცია“.
აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში სირიის სარდლობა გეგმავს კონტროლი აღადგინის სირია-თურქეთის საზღვრის იმ მონაკვეთებზე, საიდანაც წლების მანძილზე გრძელდება ბოევიკების მომარაგება (ცოცხალი ძალა, შეიარაღება, დაფინანსება) და შემდეგ ალეპოში მყოფი ტერორისტული დაჯგუფებების ეტაპობრივი განადგურება.
რუსული ავიაცია 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს დარტყმებს ბოევიკების პოზიციებზე, რაც უადვილებს სამთავრობო არმიას დაიკავოს დასახლებები.
სამზადისი
2016 წ. იანვრის მეორე ნახევარში დამასკომ ალეპოს სპეცოპერაციისათვის დაახლ. 3000 ჯარისკაცი გადაისროლო ქვეყნის ჩრდილოეთით.

ოპერაციაში მონაწილე სამხედრო მაღალჩინოსნები:

• გენერალი ყასემ სულეიმანი (ოპერაციის ხელმძღვანელი)
• გენერალი მოჰსენ ყაჯარიანი (ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდალი). დაიღუპა ბრძოლაში
• გენერალ-ლეიტენანტი ალი აბდულაჰ აიუბი (სირიის სამთავრობო არმია).
• გენერალი ჰაფეზ აჰმედ ალ-აბუუდი (სირიის სამთავრობო არმია). დაიღუპა ბრძოლაში
• პოლკოვნიკი ნავაფ ჰამად ალ-ხათიბი (სირიის სამთავრობო არმია). დაიღუპა ბრძოლაში

ირანის და რუსეთის როლი აღნიშნულ ოპერაციაში
ირანი თავიდანვე იყო დაინტერესებული ბაშარ ასადის ხელისუფლების შენარჩუნებაში, რადგან მისი მოწინააღმდეგეების გამარჯვების შემთხვევაში დამასკოში ჩამოყალიბდება უკიდურესად ანტი-ირანული რეჟიმი; დამასკოს დაკარგვით დიდი საშიშროება შეექმნებოდა ლიბანელ შიიტების პოზიციებს (შეადგენენ 4.4 მლნ. მოსახლეობის 27-30%). აქედან გამომდინარე სულაც არაა გასაკვირი, თუ რატომ იბრძვის მთელი თავისი რესურსით „ჰეზბოლა“ ბაშარ ასადის მხარეს (გადაუმოწმებელი ინფორმაციით, სირიში იბრძვის დაახლ. 15’000 „ჰეზბოლას“ მებრძოლი).
როგორც არაერთი დასავლური წყარო იუწყება, რუსეთის ავიაციის დახმარების გარეშე სირიის სამთავრობო არმიის მასშტაბური წარმატებები შეუძლებელი იქნებოდა.
სირიელი ქურთების როლი
სირიელი ქურთების სამხედრო ნაწილები (ე.წ. სახალხო თავდაცვის რაზმები) აქტიურად მონაწილეობენ აღნიშნულ სპეცოპერაციაში. მათ, სირიის არმიასთან ერთად უკვე დაიკავეს სოფლები ალ-ზიარი და ხარაბეი.
9 თებერვლის მონაცემებით, ქ. აფინში მიმდინარეობს სირიელი ქურთების მობილიზაცია, რათა უახლოეს პერიოდში სირიის სამთავრობო არმიასთან ერთად დაიწყონ ქ. აზაზის განთავისუფლება (მდებარეობს თურქეთიდან 7 კილომეტრში). ამჟამად მიმდინარეობს შეტაკებები სირიელი ქურთების თავდაცვით რაზმებსა და “ჯაბჰათ ალ-ნუსრას” ბოევიკებს შორის ქ. აზაზთან.
11 თებერვალს სირიელი ქურთების სამხედრო ნაწილბმა აიღეს სამხედრო ბაზა “მენაჰი”. ამ სამხედრო ბაზის განთავისუფლება უაღრესად რთულ მდგომარეობაში ჩააყენა თურქეთი, რადგან ამ ბაზიდან შემდგომ შესაძლებელი გახდება გაკონტროლდეს ის გზები, საიდანაც თურქეთიდან სირიაში გადადიან ბოევიკები.
ოპერაციის შედეგები
• სამთავრობო არმიამ და „ჰეზბოლამ“ გაარღვიეს ბოევიკების პოზიციები და გაანთავისუფლეს შიიტური ქალაქები ნუბლი და ალ-ზაჰრაა.
• სამთავრობო ძალებმა კონტროლი დაამყარეს რამოდენიმე სტრატეგიული დანიშნულების მონაკვეთებზე, საიდანაც ხორციელდებოდა ბოევიკების გადმოსვლა სირიაში
• სამთავრობო არმიამ, მოკავშირეებთან ერთად გაანთავისუფლა ქ. მაიერის და 6 სოფელი — და მიუახლოვდა თურქეთის საზღვარს 25 კმ. მოშორებით
• ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმებმა დაიკავეს დეირ ჯამალი და ათამდე სოფელი
• 11 თებერვალს ქურთთა სამხედრო ნაწილებმა აიღეს სამხედრო ბაზა „მენაჰი“ (აღნიშნული ბაზა ბოევიკებმა დაიკავეს 2013 წ. აგვისტოში), მის სამხრეთ ნაწილში გაანთავისუფლეს დასახლება კაფრ ანტუნი
• ალეპოს ჩრდილო ნაწილში ბოევიკთა თავშესაფარად ითვლება მხოლოდ — აზაზი, მარე და ტელ რიფანი.
• ქურთთა სამხედრო ნაწილებმა გადაკეტეს კავშირი აზაზსა და ტელ რიფანს შორის.

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი)

Comments
Loading...