სამთო კურორტებზე დღეიდან პატრულირება დაიწყება

უსაფრთხოების წესების რეგულირების მიზნით, სამთო კურორტებზე დღეიდან, სამართალდამცველები პატრულირებას განახორციელებენ.

შესაბამისი განცხადება გუშინ გამართულ პრეკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.

„შს მინისტრმა გამოსცა ბრძანება და უკვე ამ შაბათ-კვირას, აბსოლუტურად ყველა სამთო კურორტზე პატრული დაგხვდებათ “, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს სამთო კურორტებზე უსაფრთხოების წესების რეგულირების შესაძლებლობებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გუშინ გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელსაც შესაბამისი შინაარსის პეტიციის ავტორი პროფესიონალ მოთხილამურეთა ჯგუფი დაესწრო.

შეხვედრის ჩატარების ინიციატივა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ეკუთვნოდა. მან მიწვეულ სტუმრებს მის უწყებაში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს სამთო კურორტებზე სათხილამურო ტერიტორიებზე უსაფრთხოების ნორმების დასაწესებლადაა მიმართული.

მსგავსი კანონმდებლობა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მიღებულა.

მთავრობა სამთო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს განსახილველად ათი დღის ვადაში წარედგინება.

ერთ-ერთი ცვლილებით, ნასვამ მოთხილამურეს სრიალის უფლება ჩამოერთმევა.

Comments
Loading...