სამტრედიაში მომხდართან დაკავშირებით, პოლიციის თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა

სამტრედიის რაიონში მომხდარ სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციის თანამშრომელმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე, პოლიციელი კადრების განყოფილების განკარგულებაშია.

სამტრედიის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 22 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა 7 აგვისტოს მოხდა.

ახალგაზრდამ სუიციდამდე წერილი დაწერა, სადაც თვითმკვლელობის მიზეზი განმარტა.

როგორც წერილშია აღნიშნული, ერთ-ერთი ადგილობრივი პოლიციელი მას სამართალდამცველებთან თანამშრომლობას აიძულებდა და სთხოვდა ინფორმაცია მიეწოდებინა, თუ ვის ჰქონდა დათესილი მარიხუანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მოკვლით ემუქრებოდნენ. წერილში ასევე, აღნიშნულია, რომ მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში პოლიციას ადანაშაულებს.

საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.

„2016 წლის 8 აგვისტოს, შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

Comments
Loading...