„სანდრა მიშას არ უნდა და ჩვენ რად გვინდა“ – სოფელ ჯიხაშკარში დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ჯიხაშკარის სხვადასხვა უბნის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა.

რულოვსი მოსახლოებას „კარდაკარის“ პრინციპით ხვდებოდა და მათთან სახლებში მიდიოდა. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელები თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია და შტაბის სხვა წევრები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც მათ რამდენიმე ადამიანი დაუპირისპირდა.

ადგილობრივები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ.

„რატომ მოდიხართ?! აქ თქვენი ადგილი არ არის. სანდრა მიშას არ უნდა და ჩვენ რად გვინდა“, – განუცხადეს ჯიხაშკარის მცხოვრებლებმა „ნაცმოძრაობის წევრებს“.

მას შემდეგ, რაც სოფლის ცენტრში ჟურნალისტები გამოჩნდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ტერიტორია დატოვეს.

Comments
Loading...