სანდრა რულოვსი: ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა, 1 339 ლარი შეადგინა

ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მის მიერ პარლამენტის დეპუტატის კუთვნილი ხელფასისა და დანამატის აღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

რულოვსის თქმით, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ოდენობის თანხა დაერიცხა, რაც საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს დეპუტატის ხელფასი და დანამატი მივიღე, რაც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა. მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2016 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა და ამავე დღეს პარლამენტში შევიდა უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ჩემი პირადი განცხადება შევიდა. აღნიშნული საკითხის განხილვა და უფლებამოსილების შეწყვეტა 2016 წლის პირველ დეკემბერს მოხდა.

მოგვიანებით, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უფლებამოსილების შეწყვეტამდე ჩემმა, როგორც დეპუტატის ხელფასმა 1 339 ლარი შეადგინა“, – აცახდებს რულოვსი.

ყოფილი პირველი ლედის თქმით, აღნიშნული თანხა საქველმოქმედო ფონდ „ბავშვთა ჰოსპისში“ გადარიცხა.

სანდრა რულოვსი გადარიცხვის ამსახველ დოკუმენტაციასაც აქვეყნებს.

„ჩემი თხოვნით, ეს თანხა სრულად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდ “ბავშვთა ჰოსპისს”, რომლის მიზანი პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მათზე ზრუნვაა. აღნიშნულს ადასტურებს გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

ჟურნალისტები, რომლებიც მსგავსი ტყუილების ტირაჟირებით არიან დაკავებულები მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებას და უმჯობესი იქნებოდა ბავშთა ჰოსპისის საქმიანობა გაეშუქებინათ, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ის განუკურნებელი დაავადების მქონე ბავშვებისათვის“, – აცხადებს რულოვსი.

ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით არჩეულ სანდრა რულოვსს პარლამენტიდან ანაზღაურება დაერიცხა.

გავრცელებული ინფორმაციით, რულოვსის სადეპუტატო შემოსავალმა 1 675 ლარი შეადგინა, საიდანაც თანხის 60% – 1 008 ლარი დანამატი იყო.

Comments
Loading...