სანდრა რულოვსი: საქართველოს მოსახლეობას ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში გვერდში დავუდგები

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას განაგრძობს.

როგორც რულოვსი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე წერს, საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმა წინასაარჩენო გარემომ და არჩევნების გაყალბებამ გადააწყვეტინა, თუმცა საქართველოს მოსახლეობის გვერდით რჩება და მათ ჯანდაცვის მიმართულებით დაეხმარება.

„როგორც უკვე ცნობილია, ნოემბრის თვეში მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ არ ვიყო 2016-2020 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩემს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის (წინა)საარჩევნო დარღვევები, უკანონობა და მნიშვნელოვანი გაყალბებები, რასაც ადგილი ჰქონდა მთელს საქართველოსა და განსაკუთრებით ზუგდიდში, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა არალეგიტიმური შედეგი.

ჩემი გადაწყვეტილება, ენმ-ის პარტიული სიის მე-2 ნომრად პარლამენტში შესვლაზე უარის თქმის შესახებ, ეფუძნებოდა როგორც ჩემს პირად მოსაზრებებს, ასევე პარტიაში განვითარებულ მოვლენებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ არ არის საბოლოო სიტყვა ნათქვამი იმ აუტანელ საარჩევნო გარემოზე, რომელშიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო კამპანია, მთლიანად არჩევნები და რამაც განაპირობა ის მცდარი და არარეალური საპარლამენტო შემადგენლობა, რომელიც თავს მოახვიეს საქართველოს მოსახლეობას.

ჩვენ ყველა მხოლოდ ეხლა ვაცნობიერებთ, თუ რა უარყოფითი და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოყვეს ამომრჩევლის ნების დამახინჯებას საქართველოს მომავალი სოციალური, ეკონომიკური თუ გეოპოლიტიკური მდგომარეობისათვის. ჩემი მხრივ კი, მე ვაგრძელებ საქველმოქმედო საქმიანობას და მოღვაწეობას ჯანდაცვის მიმართულებით და საქართველოს მოსახლეობას დავუდგები გვერდში ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში“, – აცხადებს სანდრა რულოვსი.

Leave A Reply

Your email address will not be published.