საპარლამენტო არჩევნების წინ სპეცუბნები გაუქმდა

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. ხელისუფლებამ სპეცუბნები გააუქმა. ეს საკითხი მთავრობის სხდომის დღის წერიგში უკვე ატვირთულია. არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის პოლიტიკურ პროცესში ჩართულობა გაცილებით უფრო მაღალი იყოს.

„ჩვენ ვაუქმებთ სპეცუბნებს და ამის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სპეცუბნები გაუქმდა, თუმცა იუსტიციის მინისტრის განცხადებით ირკვევა, რომ რეფორმა, რომელიც სპეც-უბნების გაუქმებას ითვალისწინებს, 29 იანვარს გარდაბნის არჩევნებს ვერ შეეხება.

„იმ უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, რომელსაც მე ვხელმღძვანელობ, საგარეჯოში მიმდინარე არჩევნების პარალელურად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაგვეხორციელებინა საკანონმდებლო რეფორმა, ამ მუშაობის შედეგი დღეს პრემიერმა წარუდგინა ინტერპარტიულ ჯგუფს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელ არჩევნებზე, არც ერთ სამინისტროს, მათ შორის არც თავდაცვის სამინისტროს აღარ ექნება უფლება თავისი შეხედულებისამებრ შექმნას სპეც-უბნები.

ამ რეფორმას სჭირდება პარლამენტში კენჭისყრა და ამიტომ თებერვალში დიდი იმედი მაქვს, რომ ამას პარლამენტი კენჭს უყრის. რაც შეხება გარდაბანს, იქ არჩევნები სულ რამდენიმე დღეშია და აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღება ვერ ესწრება, თუმცა შემოდგომაზე, ვერც ერთი სამინისტრო გაუმჭირვალედ და თავისი შეხედულებისამებრ ვერ შექმნის სპეცუბნებს“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

როგორც ცნობილია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი გარდაბანში სპეცუბნების გაუქმებას მოითხოდნენ და სამხედრო მოსამსახურეების არჩევნებში მონაწილეობასთნ დაკავშირებით პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ. როგორც ა-ო წევრები აცხადებენ, ხმის მიცემის უფლებით უნდა ისარგებლონ მხოლდ იმ სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებსაც რეგისტრაციის მიხედვით ეკუთვნით ამ უბანზე ხმის მიცემა.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე იქნეს მოწესრიგებული, რათა არ არსებობდეს ცალკეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდის მიერ შესაძლოა, სამხედრო მოსამსახურების ხმებით მანიპულაციასთან გვქონდეს საქმე.

„სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც რეგისტრირებული არ არიან იმ საარჩევნო ოლქში, სადაც მათი ბაზა არის განლაგებული, არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარულ არჩევნებში. მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა. სამხედრო მოსამსახურეებისთვისაც იგივე მეთოდი უნდა იყოს, როგორც ჩვეულებრივ სხვა მოქალაქეებისთვის. ეს რეგულაცია გაათანაბრებს ამომრჩევლის უფლებებს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წევრი ლევან ნატროშვილი.

არასამთავრობოთა პრეტენზიებს არ იზიარებენ თავდაცვის სამინისტროში. უწყებაში განმარტავენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ის სამხედროები მისცემენ ხმას, რომლებიც ერთ წელზე მეტია იმ სამხედრო დანაყოფში მსახურობენ, რომელიც კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მდებარეობს და ხმას ახლო მდებარე საარჩევნო უბანში მისცემენ. შესაბამისად, არ შეიქმენა სპეცუბნები – სწორედ ამას ითვალისწინებს უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

„თავდაცვის სამინისტროდან გაიგზავნა კანონპროექტი, რომლის საშუალებით ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. ერთი მხრივ, სამხედრო მოსამსახურეებს მიეცემათ იმის საშუალება, რომ ახლომდებარე უბანში მოახდინონ თავისი საარჩევნო უფლების რეალიზაცია, ხოლო მეორე მხრივ სამხედრო ნაწილებში თუ სხვა ქვედანაყოფებში არ შეიქმნება სპეცუბნები“, – აღნიშნა ბესიკ ლოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ სპეცუბნების გაუქმების მოთხოვნით თავდაცვის სამინისტროს მიმართა ვიცე-პრემიერმა. კახი კალაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ხმების მოგროვებისთვის სპეცუბნები არ სჭირდება.

„მინდა მივმართო ქალბატონ ხიდაშელს, თუ არის შესაძლებლობა და თუ ჩვენ კანონს არ დავარღვევთ, გაუქმდეს ეს სპეცუბნები. გულწრფელად მინდა ვთქვა და ვუთხრა საზოგადეობას, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია, რომ მივაღწიოთ წარმატებას“, – აღნიშნა კახი კალაძემ.

for.ge

Comments
Loading...