საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის კანდიდატურებს შორის აღარ იქნება

ახლო მომავალში მთავარ პროკურატურას ახალი ხელმძღვანლი ეყოლება – გიორგი ბადაშვილი მთავარ პროკურატურის პოსტიდან მიდის.
მმართველ უმრავლესობაში არსებული ინფორმაციით, ბადაშვილი იმ კანდიდატურებს შორის არ იქნება, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ასარჩევად საპროკურორო საბჭოს უნდა წარუდგინოს.
უმრავლესობაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, ვის დაასახელებს წულუკიანი, თუმცა ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, ბადაშვილი მთავარი პროკურორი აღარ იქნება და ამის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ცნობისთვის, “მთავარი პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილებებით, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების წესი შეიცვალა. კერძოდ, ახალი კანონით, კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრი შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს. იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და დამტკიცებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
ამის შემდეგ საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუკი მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტს.
საბოლოოდ პარლამენტი მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

Leave A Reply

Your email address will not be published.