საპარლამენტო უმცირესობა მოსამართლე ნაზღაიძის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ახალ დეტალებს ასაჯაროებს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე დღეს, პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოცხადდება.

როგორც აბესაძე აცხადებს, პროკურატურას მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმესთან დაკავშირებით, ჩვენებას კიდევ ერთხელ მისცემს.

„დაახლოებით, ორი კვირაა, საქართველოს მთავარი პროკურატურისგან უპრეცენდნენტო ფაქტის გამოძიება მოვითხოვეთ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის მერიაში და მასში მოსამართლის ოჯახია ჩართული. ამ ფაქტზე რეაგირების ნაცვლად, ჩვენ ხელისუფლების არაერთი მცდელობა ვნახეთ, აღნიშნული საკითხი გადაეფარა და ამ საკითხზე მიმდინარე გამოძიება საზოგადოების ყურადღების მიღმა დაეტოვებინა. ამასობაში, ვხედავთ, რომ ბატონი ნაზღაიძე ცდილობს, მიწის ნაკვეთი ბატონ ჩოხელზე გადააფორმოს და ამით შემდგომში სამართლებრივი პრობლემები შექმნას იმისთვის, რომ ეს კორუფციული სამართალდარღვევა იქნას აღმოფხვრილი და სახელმწიფო ფინანსები რეალურად იმ ადამიანებს მოხმარდეს, რომლებიც სტიქიის შედეგად მართლაც დაზარალდნენ“, – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

მისივე განმარტებით, ნორმალურ შემთხვევაში, პროკურატურას უკვე უნდა ჰქონოდა ყადაღა დადებული აღნიშნულ ქონებაზე და საჯარო რეესტრისთვის საშუალება არ უნდა მიეცა, მესაკუთრის უფლება განეხორციელებინა, რამაც შესაძლებელია, სამართლებრივი პრობლემები წარმოშვას.

„დღეს, მე საქართველოს მთავარ პროკურატურაში ვარ დაბარებული. გაუგებარია, რა არის პროკურატურის მოტივაცია, როდესაც თავად არ ინტერესდებიან, არ იძიებენ და არ პასუხობენ იმ შეკითხვებს, რომელიც საჯაროდ დაისვა ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მივალ მთავარ პროკურატურაში და კიდევ ერთხელ მივცემ მითითებებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ კანონის შესაბამისად იმისთვის, რომ ეს დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი. ვიდრე პროკურატიურა დუმს ამ კორუფციულ ფაქტზე, ნაზღაიძემ დრო იხელთა და შემდგომ მოქმედებებს ახორციელებს“, – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის წევრი მოსამართლე ნაზღაიძის მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ახალ დეტალებს ასაჯაროებს.

„ხელშეკრულება გაფორმაბულია 10 თებერვალს, საჯარო რეესტრში. დღეს დილითაც კი არ იყო დასრულებული წარმოება ნაკვეთის გადაფორმებაზე. ამიტომ, პროკურატურამ დროულად უნდა შეაჩეროს აღნიშნული ტრანზაქცია და გამოძიების დასრულებამდე, ნაკვეთის გადაცემის საშუალება არ უნდა მისცეს“, – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

საპარლამენტო უმცირესობამ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველო“ აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ძალოვანი უწყების წარმომადგენლების პარლამენტში დაბარება გუშინ მოითხოვა.

ირაკლი აბესაძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე 11:30 საათზეა დაბარებული.

Comments
Loading...