საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად დავით პეტრიაშვილი გარდაიცვალა

უეფა-ს ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთობის მენეჯერი, დავით პეტრიაშვილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავარ პროკურატურაში დაადასტურეს.

შემთხვევა 21 დეკემბრის გამთენიისას პეკინისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე მოხდა. პეტრიაშვილი ქვეითად გზაზე გადადიოდა, როცა მას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დაეჯახა.

საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პროკურატურის პრესსამსახურის თქმით, გამოძიებას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.

დავით პეტრიაშვილს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა როგორც ქართულ ფეხბურთში, ისე უცხოურში. პეტრიაშვილი იკავებდა უეფა-ს და ფიფა-ს მატჩების დირექტორის თანამდებობას, იყო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და თბილისის დინამოს ყოფილი მმართველი დირექტორი.

Comments
Loading...