საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორისა და ფაქტობრივი მმართველის მიმართ პროკურატურა პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საფინანსო კომპანია „საქართველოს“ დირექტორის, თამაზ ლობჟანიძისა და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველის, მერაბ ფერაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა ორივე მათგანისადმი აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები აქვს.

„პატიმრობას ვითხოვთ, როგორც ფერაძის ასევე ლობჟანიძის მიმართ. ჩვენს მიერ წარდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები, რაც დაასაბუთებს ჩვენს მიერ მოთხოვნილ აღკვეთის ღონისძიებას- პატიმრობას და ვფიქრობ, შესაძლებელია სასამართლომაც მიიღოს ჩვენი შუამდგომლობის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება“,- განაცხადა პროკურორმა.

დაცვის მხარე კი დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს შეფარდებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულები. სასამართლოში ხმაურიც იყო. ერთ-ერთი მეანაბრე შეუძლოდ გახდა, მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს „საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე ორი დღის წინ დააკავა.

Comments
Loading...