საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ლე პენის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მარინ ლე პენი არ აპირებდა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას. საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს მას შემდეგ, რაც მარინ ლე პენი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდება“ – განაცხადა ლე პენის პრესსპიკერმა.

ფრანგული ტელეარხისთვის BFMTV მიცემულ ინტერვიუში ლე პენმა განაცხადა, რომ ყირიმის რუსეთთან შეერთებას არაკანონიერად არ თვლის.

„არ ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა არაკანონიერ ანექსიას. ჩატარდა რეფერენდუმი, ყირიმის მოსახლეობას სურდა რუსეთთან შეერთება“, – განაცხადა მარინ ლე პენმა ინტერვიუში.

ამასთან, გუშინ, უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის აპარატის უფროსმა ალექსანდრ ტკაჩუკმა განაცხადა, რომ მარინ ლე პენს, ყირიმის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო, შესაძლოა, უკრაინაში შესვლა აუკრძალონ.

 

sazogadoeba.ge

Comments
Loading...