საფრანგეთში ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დააკავეს

საფრანგეთში რუსი წარმომავლობის ისრაელი ბიზნესმენი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ბიზნესპარტნიორი, არკადი გაიდამაკი, დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას კომერსანტი მისი ადვოკატის, პოლ კლუგმანის, ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქმე ანგოლაში 2000 წელს იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტს ეხება. ამ საქმეზე მას სასამართლოს მიერ 3 წლის წინ დაუსწრებლად ჰქონდა ბრალი წაყენებული.

როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნებაყოფლობით გამოცხადდა პარიზის ჟანდარმერიაში, სადაც მოხდა მისი დაკავება.

გაიდამაკის წინააღმდეგ გამოძიება საფრანგეთში ე.წ. ანგოლაგეიტის საქმესთან დაკავშირებთ მიმდინარეობდა, რომელიც 2000 წელს აღიძრა და ანგოლისთვის საერთაშორისო ემბარგოს გვერდის ავლით, 790 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შეიარაღების მოწოდებას ეხებოდა.

გაიდამაკთან ერთად ამ საქმეში ფრანგი ბიზნესმენი, პიერ ფალკონე, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ვაჟი, ჟან-კრისტოფ მიტერანი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, შარლ პასკუა და სხვა მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ, რომლებსაც გამოძიებამ კორუფციის ბრალდება წაუყენა.

არკადი გაიდამაკი მაშინ გამოძიებას ჯერ ისრაელში, შემდეგ კი რუსეთში გაექცა. განაჩენი ამ საქმეზე 2009 წელს გამოცხადდა. გაიდამაკს დაუსწრებლად 6 წელი მიესაჯა.

2000 წელს არკადი გაიდამაკმა ცოტა ხნით ბიძინა ივანიშვილის ბანკის – როსიისკი კრედიტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა.

მოგვიანებით ივანიშვილმა განაცხადა, რომ გაიდამაკის დანიშვნის მომენტში არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ იგი იარაღის ბიზნესში იყო ჩართული.

Leave A Reply

Your email address will not be published.