საფრანგეთში საქართველოდან ჩასულ 4 ტურისტს ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან

საფრანგეთში საქართველოს ელჩის ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებით, საქართველოდან საფრანგეთში გამგზავრებულ 4 ტურისტს ამ დროისთვის ვერ უკავშირდებიან.
მისი თქმით, საფრანგეთის საელჩო მათთან კავშირის დამყარებას ამ წუთებშიც ცდილობს.

„ბოლო ინფორმაციით, 98 მძიმედ არის დაშავებული, 127 დაღუპული, 180 კი დაშავებული. საქართველოს მოქალაქეები ჩვენს ცხელ ხაზზე რეკავენ, ამ დრომდე დაახლოებით 40 ზარია შემოსული. ძირითადად ლოჯისტიკის საკითხებს ეხება მათი კითხვები. შეუძლიათ თუ არა, რომ დატოვონ ქვეყანა. რა პირობებია ამისათვის შექმნილი. არც დაღუპულთა რიცხვში და არც დაშავებულებში არ დასტურდება საქართველოს მოქალაქეების ყოფნა. ვეძებთ საქართველოს 4 მოქალაქეს, რომლებსაც ოჯახი ვერ უკავშირდება და ჩვენ ვცდილობთ, რომ დავუკავშირდეთ. ისინი ჩამოსულები არიან ტურისტულად. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ტერორისტული აქტების დროს იქ იმყოფებოდნენ. პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არის”, – აცხადებს ეკატერინე სირაძე-დელონე.

Comments
Loading...