“საპირფარეშოს პრობლემა 900 სკოლაში მაქვს”- მინისტრი არაჰიგიენურ და არასათანადო სტანდარტებზე ალაპარაკდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებებში სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემებია და ყველა სკოლაში, ყველანაირი სახის პრობლემის მოგვარებას ჯამში 4 მილიარდზე მეტი სჭირდება:
“სამწუხაროდ, ძალიან კარგი შედეგებით ვერ დავიკვეხნით. მრავალი წლის განმავლობაში, სკოლების ინფრასტრუქტურას სათანადოდ ვერ მიეხედა. წელს ჩვენ ვგეგმავთ ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სტანდარტებისა და გეგმების დანერგვას. სპეციალური რესურსი გვექნება გამოყოფილი, რომ სკოლები, რომლებიც კარგადაა გაკეთებული, აღარ გაფუჭდეს და გზადაგზა მიეხედოს. საქართველოში, 2100-მდე სკოლა და 3000-მდე შენობაა. სულ რომ არაფერი იყოს გასაკეთებელი ასეთი 20 სკოლაა. ჩვენც შევეცდებით, რაც გაკეთდება, აღარ გაფუჭდეს.
ამერიკელები გვეხმარებიან რეგიონებში და 100 სკოლას აკეთებენ. იმედი მაქვს, 2-3 წელიწადში 200 სოფლის სკოლას თანამედროვესა და ევროპული სტანდსარტების შესაბამისს გავხდით. სულ არის 3000 შენობა, მაინც ძალიან ცოტაა. 900 სკოლაში საპირფარეშოს პრობლემა მაქვს. ფიზკულტურის დარბაზი, რომ ავუშენო იმ სკოლას, რომელსაც არ აქვს დარბაზი, 500 მილიონი ლარი მჭირდება. მთლიანად 4-ნახევარი მილიარდი უნდა, რომ პრობლემები თავიდან ბოლომდე მოგვარდეს და მილიარდ ნახევარი გინდა, რომ შეინარჩუნო. შედარებისთვის, სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდზე ოდნავ მეტია”- აცხადებს ჯეჯელავა “პტაიმ თაიმთან” ინტერვიუში.