საქართველო და «ISIS» – ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი)

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი)

ვასილ პაპავამ სპეციალურად “mpress.ge”-სთვის “ISIS”-ის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე და გამოწვევებზე სტატია მოამზადა, გთავაზობთ უცვლელად:

საქართველო და «ISIS»
გამოწვევები და მოსალოდნელი საფრთხეები სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის

ე.წ. «არაბულმა გაზაფხულმა» გამოიწვია პოლიტიკური ისლამის გააქტიურება. პირველ რიგში ეს ეხება ახლო აღოსავლეთს, სადაც კონფლიქტური ვითარება უკიდურესად დაძაბულია. სირიასა და ერაყში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და ISIS-ის მებრძოლებს შორის.
აღნიშნული პროცესები ძალზე ყურადსაღებია პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის, სადაც ისლამური თემი მრავალრიცხოვანია.
ისლამი საქართველოში სიდიდით და მნიშვნელობით მეორე რელიგიაა (ისლამის მიმდევრად თავს დაახლ. 430–460 ათასი მოქალაქე მიიჩნევს). ქვეყნის ზოგიერთ რეგიონებში მუსლიმანები მოსახლეობის შედარებით ან აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ. ისლამი საქართველოში მრავალეროვნულია. მას დიდი უმრავლესობით ადგილობრივი აზერბაიჯანელები აღმსარებლობენ: მათ შორის არიან როგორც შიიტები, ასევე სუნიტებიც.

სირიასა და ერაყში მოქმედი ინტერნაციონალური ტერორისტული ორგანიზაციის («ხალიფატი») «ISIS»-ის გააქტიურებამ რადიკალური ისლამის გავრცელების ტენდენცია გამოიწვია. აქვე აღსანიშნავია 2 მნიშვნელოვანი მომენტი
Ⓞ «ISIS» არის სუნიტი ჯიჰადისტთა ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის სირიისა (ალავიტები) და ერაყის შიიტურ ხელისუფლებებს. შიიტური ირანი ბაღდადისა და დამასკოს მთავარი რეგიონული მოკავშირეა. ასევე აღსანიშნავია, რომ,
Ⓞ შიიტური ირანი სამხრეთ კავკასიაში რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციების მხარდაჭერაში არ არის შემჩნეული

თავის მხრივ, ირანის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ასადის რეჟიმის დაცემის შემთხვევაში იგი დაკარგავს თავის გავლენას რეგიონში, ასევე საკმაოდ შემცირდება ლიბანელი შიიტების გავლენა, რადგან დამასკოს მფარველობის დაკარგვის შემდეგ ისინი აღმოჩნდებიან მეტად რთულ მდგომარეობაში.
დღეისათვის ახლო აღმოსავლეთი მსოფლიო წამყვანი ქვეყნების დიდი დაპირისპირების პოლიგონია. სირიაში გადაიკვეთა რუსეთის და აშშ–ს (და დასავლეთის) გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესები. რეგიონულ დონეზე კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ შიიტური ირანი (რომელიც ცდილობს დაიცვას ერაყისა და სირიის შიიტური ხელისუფლებები) და რეგიონის სუნიტი სახელმწიფოები (ნავთობმონარქიები).
იმ შემთხვევაში თუ დასავლეთმა–მა და მისმა არაბულმა მოკავშირეებმა (სუნიტური მონარქიები) შეძლეს ირან-სირიის და რუსეთ–სირიის ალიანსის განადგურება — ისინი ამით მიაღწევენ ირანის და რუსეთის გავლენის დასუსტებას.
ბაშარის რეჟიმის დამხობით რუსეთი კარგავს ერთადერთ მრავალწლიან საიმედო მოკავშირეს არაბულ სამყაროში, ასევე:
– სამხედრო პლაცდარმს რეგიონში (სამხედრო დანიშნულების ტარტუსის პორტი)
– იარაღის გასაღების ბაზარს
– და რაც ყველაზე საყურადღებოა: კატარის გაზის მეგაპროექტის განხორციელების შემთხვევაში, „გაზპრომი“-ს პოზიციები მსოფლიო ენერგო ბაზარზე საგრძნობლად შესუსტდებოდა

«ISIS»-ს რიგებში შეინიშნება სპარსეთის ყურისა და ჩრდილო აფრიკიდან დიდი ოდენობის მებრძოლთა კონტინგენტი (საუდის არაბეთი, იემენი, მაროკო, ტუნისი, იორდანია, ეგვიპტე, ლიბია, ალჟირი, ავღანეთი, პაკისტანი და სხვა).
«ISIS»-ის ისლამური სახელმწიფო არამხოლოდ ტერორისტული ორგანიზაციაა. «ISIS» არის სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს რადიკალურ-ისლამურ ინტერპრეტაციას, როგორც პოლიტიკურ-ფილოსოფიურს და ცდილობს ძალით თავს მოახვიოს ეს მსოფლმხედველობა როგორც მუსილმებს, ასევე არამუსლიმებს.
«ISIS» შეეცდება შეაღწიოს იმ რეგიონებში, სადაც მეტნაკლებად მოახერხებს თავისი ქსელების ჩამოყალიბებას. პირველ რიგში ეს შეეხება «ხალიფატი»-ს ახლო სამეზობლოს, კერძოდ ჩრდილო კავკასიას, რაც თავისთავად გავლენას იქონიებს სამხრეთ კავკასიაზეც.
სამხრეთ კავკასიაში «ISIS»-ის მკვეთრი აქტიურობა მნიშვნელოვნად დააზარალებს პირველ რიგში თურქეთის ეროვნულ ინტერესებს, რადგან შექმნილი სიტუაციას სათავისოდ გამოიყენებს რუსეთის ფედერაცია და შიიტური ირანი (ანკარას რეგიონული მეტოქეები).
იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კავკასიაში მოხდა სამხედრო ესკალაცია, რომელიც გამოწვეული იქნება «ISIS»-ის მოქმედებებით, რუსეთის ფედერაცია შეეცდება დაიკავოს სამხრეთ კავკასია და პირდაპირ დაუკავშირდეს თავის მოკავშირეს — სომხეთის რესპუბლიკას. მეორეს მხრივ, ირანი შეეცდება გააქტიუროს შიიტური თემის საკითხი აზერბაიჯანში და ხელისუფლებას ჩამოაშოროს ალიევის რეჟიმი (აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობის უმრავლესობა — შიიტია), თურქეთი კი დაკარგავს თავის „ერთგულ“ მოკავშირეს აზერბაიჯანის სახით. მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში მკვეთრად შესუსტდება.
აქედან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიაში უნდა წარმოადგენდეს აქტიური შესწავლის საგანს. ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცება უნდა იყის საქართველოს სპეცსამსახურების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულება.

Leave A Reply

Your email address will not be published.