“საქართველომ აირჩია დასავლური გეზი და მას შემდეგ ჩვენ უკან არც კი მიგვიხედავს” – პრემიერი

“საქართველომ აირჩია დასავლური გეზი და მას შემდეგ ჩვენ უკან არც კი მიგვიხედავს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც აშშ-ის საელჩოს ყოფილ შენობაში გუშინ გაიმართა.

”შარშან ჩვენ აღვნიშნეთ საბჭოთა კავშირისგან საქართველოს გათავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი. ეს იყო ისტორიული მომენტი ჩვენთვის, რომლის შემდეგაც შეიძლება მხოლოდ წინსვლა და არც ერთი ნაბიჯი უკან: საქართველომ აირჩია დასავლური გეზი და მას შემდეგ ჩვენ უკან არც კი მიგვიხედავს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა აშშ-ის საელჩოს ყოფილი შენობის სომბოლურ დატვირთვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ იყო, როდესაც საელჩო ათონელის ქუჩაზე განთავსდა.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, თუ რატომ არის ეს ურთიერთობები ესოდენ განსაკუთრებული, რატომ არის ამერიკის შეერთებულ შტატები ის ძალა, რომელიც განაპირობებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენი გამოწვევებით აღსავსე და მღელვარე რეგიონის მომავალსაც. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების, მეგობრობისა და პარტნიორობის დამყარების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად ჩვენ სწორედ ამ შენობაში შევიკრიბეთ, რომელშიც წარსულში განთავსებული იყო აშშ-ის საელჩო.

ეს არის ისტორიული შენობა ყველა გაგებით. ეს სასახლე მე-19 საუკუნის დასაწყისში ააშენა თავადმა ორბელიანმა. წლების განმავლობაში აქ იკრიბებოდნენ საქართველოს საუკეთესო მოაზროვნეები და ულამაზესი ბანოვანნი. ეს შენობა თავს უყრიდა მწერლებს, დრამატურგებს, ინტელექტუალებს, რომლებიც საუბრობდნენ საქართველოს მომავლის შესახებ და ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ხედვას მის ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით. ისინი ოცნებობდნენ დასავლურ საქართველოზე, რომელიც იცავს თავისუფლების, ინდივიდუალიზმის, შემოქმედითობისა და მეწარმეობის დასავლურ ღირებულებებს. ამ შენობაში აღმოცენდა ახალი საქართველო – შუა საუკუნეების შემდგომი, თანამედროვე საქართველო.

მისი ისტორიისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სწორედ ამ შენობაში უნდა განთავსებულიყო კიდეც იმ სახელმწიფოს საელჩო, რომელიც ათწლეულების მანძილზე გვევლინება მსოფლიოში, როგორც ადამიანის დასავლური ღირებულებების მთავარი დამცველი და ქომაგი”, – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...