„საქართველოს ბანკი“ შსს-ს მადლობას უხდის

„გვსურს მადლობა მოვახსენოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – ასე ეხმაურება „საქართველოს ბანკი” შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გახსნილ საქმეს, რომელიც ბანკიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკი” განცხადებას ავრცელებს.

“პირველივე დღიდან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში და სამართალდამცავების ოპერატიულობისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ეს საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა. ამ საქმის გახსნა, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ მესამე დამნაშავეც დაკავებული და სათანადოდ დასჯილი იქნება. კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა მოვახსენოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – ნათქვამია “საქართველოს ბანკის” განცხადებაში.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული თამარ კ. და 1966 წელს დაბადებული მალხაზ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ამჟამად ძებნაში მყოფი, 1977 წელს დაბადებული ილია გელაშვილი მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის” საცავიდან 9 197 771 ლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნაქურდალი ფული თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ წინასწარი შეთანხმების თანახმად გადამალეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, თამარ კ. და მალხაზ ბ. თბილისში დააკავეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინისა და სარდაფის ჩხრეკისას მოპარული თანხის ძირითადი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ილია გელაშვილის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” და მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტებით).

Leave A Reply

Your email address will not be published.