საქართველოს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს 6-7 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი პაოლო ჯენტილონი ეწვევა.

პაოლო ჯენტილონი ევროკავშირის ქვეყნების მთავრობის მაღალის რანგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც საქართველოს არჩევნების შემდეგ ეწვევა. თბილისი კავკასიის რეგიონში მინისტრის მისიის პირველი ეტაპია, ბაქოსა და ერევანში ვიზიტამდე.

ვიზიტის ფარგლებში იგი თავის ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს შეხვდება. ისინი ერთად იმსჯელებენ საჯარო ღონისძიებაზე „იტალია-საქართველოს პარტნიორობა და ევროპის მომავალი”. ღონისძიების პროგრამა ერთობლივად მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იტალიის საელჩოსა და რონდელის ფონდის მიერ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას. მინისტრი ჯენტილონი შეხვდება, აგრეთვე, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მოინახულებს თბილისის იუსტიციის სახლს.

იტალიის საელჩოს ინფორმაციით, დღის წესრიგშია ორმხრივ ურთიერთობებთან (რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სამეცნიერო თანამშრომლობას) და რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ საქართველოს სვლასთან დაკავშირებული და რეგიონული საკითხები.

Comments
Loading...