საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ჟენევაში გაემგზავრა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე თანმხლებ პირებთან ერთდ შვეიცარიაში, ჟენევაში გაემგზავრა, სადაც ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საპატრიარქოს ინფორმაციით, მისი უწმინდესობის ოფიციალური თანმხლები პირები არიან: ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარშენიძე) – საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;ასევე, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); ბერი ანთიმოზი (ჯავახიშვილი);

თავდაპირველად შეხვედრა იგეგმებოდა კონსტანტინეპოლში, მაგრამ რიგი გარემოებების გათვალისწინების გამო, მსოფლიო პატრიარქმა სხდომა ჟენევაში, შამბეზის ცენტრში გადაიტანა. აქ მოხდება პრობლემური საკითხების ხელახალი განხილვა და მომავალი კრების დღის წესრიგის განსაზღვრა.

როგორც ცნობილია, სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრებიან ანტიოქიის და პოლონეთის ეკლესიათა მეთაურები, ასევე ელადის (საბერძნეთის) მთავარეპისკოპოსი. ისინი დელეგაციებს აგზავნიან და მათი სახით იქნებიან წარმოდგენილნი.

შეხვედრა ექვს დღეს გასტანს და 28 იანვარს დასრულდება.

Leave A Reply

Your email address will not be published.