საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას სავარაუდოდ, აპრილის ბოლოდან შეძლებენ

საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლას სავარაუდოდ, მომავალი წლის აპრილის ბოლოდან შეძლებენ, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის დეპუტატმა, საქართველოს შესახებ თანამომხსენებელმა ანდრეის მამიკინსმა ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მამიკინსის თქმით, ის სტრასბურგში ევროპარლამენტს, ევროსაბჭოსა და ევროკომისიას შორის, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.

„დარჩენილია ტექნიკური საკითხები, როგორც ჩანს საქართველოზე გადაწყვეტილების შეთანხმებული ტექსტი შეიძლება იყოს ხემოწერილი 7 აპრილს. 15 აპრილს ევროკავშირის ოფიციალური გადაწყვეტილება შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ გამოცემაში. სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს კი, საქართველოს მოქალაქეები ბიომეტრიული პასპორტებით შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას“, – განაცხადა ანდრეის მამიკინსმა.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს, ვიზალიბერალიზაციის დროებითი „შეჩერების მექანიზმზე“ დებატები გაიმართება, კენჭისყრა კი, ხვალისთვის არის დაგეგმილი.

ვიზალიბერალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ ვარიანტს LIBE-ს კომიტეტმა მხარი გასულ კვირას დაუჭირა. გუშინ კი, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, იანვარში უყრიან კენჭს. პლენარული სესია 16-19 იანვარს გაიმართება.

Comments
Loading...