საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის მხრიდან ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი, რომელიც დეპუტატებმა ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს.

ახალ თავმჯდომარეს მხარი პარლამენტის 118-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღდეგ სამი დეპუტატი გამოვიდა. საკანონმდებლო ორგანოს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

ირაკლი კობახიძემ ახლადარჩეული პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა მოხდა, მოქმედ პარლამენტს კი, უფლებამოსილება შეუწყდა.

მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა, სადაც “ქართული ოცნება” უმრავლესობას კოალიციურ რეჟიმში წარმოადგენდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში კი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს.

მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას დავით უსუფაშვილი იკავებდა.

Comments
Loading...