საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დავით უსუფაშვილის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს, “რესპუბლიკელებმა” ბევრი გულდასაწყვეტი ნაბიჯი გადადგეს.

კვირიკაშვილის თქმით, პოლიტიკაში გულდაწყვეტის ადგილი არ არის, თუმცა დასანანია ის განცხადებები, რომელიც “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა კოალიციის დაშლის შემდეგ გააკეთეს.

“ძალიან გულდასაწყვეტი იყო ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო დროს, “რესპუბლიკელებმა” გადადგეს, რომ გადაწყვეტილებიდან მეორე დღესვე, ვგულისხმობ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობას, დაიწყო აბსოლუტურად არაადეკვატური შეტევითი კამპანია “ქართულ ოცნებაზე”. პოლიტიკაში ალბათ გულდაწყვეტების ადგილი არ არის, ამიტომ, ერთადერთს ვიტყვი, რომ დასანანია, თუ როგორ განვითარდა “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო კამპანია, მათი რიტორიკაც და დასანანია ისიც, რაც დღეს ვიხილეთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კითხვაზე, განიხილება თუ არა უსუფაშვილთან თანამშრომლობა, პრემიერმა განაცხადა, რომ ეს დავით უსუფაშვილმა უკეთ იცის, თუმცა პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია.

“არ ვიცი, რა ტიპის თანამშრომლობაზე შეიძლება, იყოს საუბარი, ბატონ დავითს ჰკითხეთ თვითონ იმ შეფასებების მერე, რომელცი მან გააკეთა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ, აქვს თუ არა სურვილი საერთოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობის. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია. მინდა მას წარმატება ვუსურვო. ის არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი და ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა დარჩეს”, – აღნიშნა პრემიერმა “იმედის” ეთერში.

შეგახსენებთ, “რესპუბლიკური პარტიის” დატოვების შესახებ დავით უსუფაშვილმა განცხადება დღეს გააკეთა.

Comments
Loading...