საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს საახალწლო ღონისძიება გაიმართა. პრეზიდენტის ნაძვის ხეზე გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ თბილისის დღის ცენტრებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს თანამშრომლების შვილებს უმასპინძლეს.

ბავშვებს ახალი – 2016 წელი პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მიულოცეს და ბედნიერი და მშვიდობიანი წელი უსურვეს.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ ბავშვებისათვის დღევანდელი დღე კიდევ უფრო ლამაზი ყოფილიყო, სახელმწიფო მზუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ბავშვს საჩუქრები გადაეცემა”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

ბავშვებმა პრეზიდენტთან და პირველ ლედისთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. პრეზიდენტის სასახლეში ბავშვებისათვის სტუდია „ბასტი ბუბუს” ღონისძიება გაიმართა. საახალწლო საჩუქრები სტუმრებს თოვლის ბაბუამ გადასცა.

Comments
Loading...