საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 15%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის ოთხი თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.

აღნიშნულის ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

„საქაერონავიგაციის”ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ 15%-ით მოიმატა.

მათივე ინფორმაციით, ოთხი თვის განმავლობაში, „საქაერონავიგაცია” 41 914 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 15%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. გაიზარდა, როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2017 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 9 618 ინსტრუმენტალური ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 544 ფრენით, ანუ 35%-ით მეტია.

იანვარ-აპრილის პერიოდში ასევე, გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 31 426 ფრენა შეადგინა, რომელიც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 166 ფრენით, ანუ 7%-ით მეტია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 12 989 259 კმ-ს შეადგენს, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 574 953 კილომეტრით მეტია.

„ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. ამას განაპირობებს „საქაერონავიგაციის“ მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიებითა და უახლესი შუქ-ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ.

ფრენების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ამიტომ, 2017 წელს კომპანიის პრიორიტეტად კვლავაც რჩება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების დანერგვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის კიდევ უფრო ამაღლება და ამ ტენდენციის შენარჩუნება“, – აცხადებს შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

„საქაერონავიგაცია” საქართელოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ექვსი ახალი საჰაერო მარშრუტი დაემატა, რის შედეგადაც, საქართველო ავიაკომპანიებისთვის სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა.

Comments
Loading...