საქართველოში ჰაერის დაბინძურების გაზომვის პირველი ეტაპი დასრულდა

ატმოსფერული ჰაერის დაბიძურების ინდიკატორული გაზომვების პირველი ეტაპი დასრულდა. ჰაერის გაზომვები საქართველოს მასტაბით, ცხრა ქალაქის 58 წერტილში განხორციელდა.

მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ჰაერის დაბინძურებაში განსაკუთრებით დიდია ავტომანქანების გამონაბოლქვის წილი.

კვლევის საფუძველზე, ასევე მომზადდა რუკა, რომელზეც დეტალურად არის ასახული დამაბინძურებელი ინგრედიენტების კონცენტრაციები.

„ცოტა ხანში ჩვენ გვექნება საკმაოდ საინტერესო ბაზა, რომელსაც დავამუშავებთ შესაბამის სპეციალისტებთან, მათ შორის, ურბანისტებთან ერთად, რომლებთან ერთად მივცემთ შესაბამის რეკომენდაციებს, კონკრეტული ქალაქის მმართველობის თუ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რათა ეს მონაცემები გაითვალისწინონ ქალაქგეგმარების პროცესში“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ კი აღნიშნა, რომ გარემოს დაბინძურების მონიტორინგის კუთხით 2016 წელს საკმაოდ დიდი თანხები ჩაიდება. შეიძენენ ახალ ხელსაწყოებს და ასევე გარემოს ეროვნულ სააგენტოს ექნება გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სრულიად ახალი ლაბორატორია.

Comments
Loading...